ზუგდიდსა და ანაკლიაში საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საპროტესტო აქცია გამართეს "დაიცავი საქართველო"-ს და "ქალები მშვიდობისთვის" წევრებმა.
აქციის მონაწილეები ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ანაკლიაში შეიკრიბნენ, სადაც არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ ქვეყნის პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ვიზიტი შედგა.
სანდრა რულოვსმა რამდენიმე უცხოელ სტუმართან ერთად ანაკლიის მშენებარე ობიექტები დაათვალიერა. ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისთვის" წევრები რესტორან "დიარონთან" შეიკრიბნენ, სადაც, მათი ინფორმაციით, სანდრა რულოვსსა და სტუმრებს უნდა ესადილათ.
ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლალი ანთიამ, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის დედაა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში საგანგებოდ ჩადის, რათა სისხლისღვრა გამოიწვიოს:
"მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში არ უნდა ჩამოვიდეს მას შემდეგ მაინც, რაც ეს კადრები ხალხმა ნახა. ის განგებ აკეთებს ამას, რომ აი, ასე - ერთმანეთს დაგვაპირისპიროს. დარწმუნებული ვარ, მას სისხლისღვრა და რეულობა უნდა სამეგრელოში. აბა, რას ემსახურებოდა ამდენი შენახული იარაღი? რას ემსახურებოდა ის იარაღი, რომელიც კიდევ მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი?", - განაცხადა ლალი ანთიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.