
კენდალის პირადი ცხოვრება, მისი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, იშვიათად გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი, რადგან, როცა საქმე პირად ურთიერთობას ეხება, ცნობილი ამერიკელი სუპერ მოდელი კენდალ ჯენერი საკუთარი წესებით მოქმედებს. მიზეზებზე კი, თუ რატომ არასდროს გამოჩენილა კენდალ ჯენერის არც ერთი მეგობარი ბიჭი კარდაშიანების შოუში, სახელად „Keeping Up with The Kardashians”, გადაცემის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ფარნაზ ფარჯამიმ ისაუბრა.
აღმოჩნდა, რომ კენდალი ყველაფერს წინასწარ აფასებს და გეგმავს: „როცა საუბარი კენდალის შეყვარებულზეა, ის ყოველთვის ერთი წესის მიხედვით მოქმედებს. იმისთვის, რომ მან საკუთარი მეგობარი ბიჭი შოუში გამოაჩინოს, მასთან ბოლო ერთი წლის მანძილზე უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. კენდალმა ყოველთვის არ იცის, რა განზრახვა აქვთ ადამიანებს. სწორედ ამის გამო იკავებს თავს საკუთარი პირადი ცხოვრების გასაჯაროებისგან“ - ამბობს ფარნაზ ფარჯამი.
თუმცა, კენდალ ჯენერის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ შემთხვევა, როცა მოდელმა დევინ ბუკერთან ურთიერთობის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სოციალურ ქსელში მასთან გადაღებული აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა. ბუკერი ცნობილი ამერიკელი კალათბურთელია და მოდელის ცხოვრებაში არც ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა. მათ საერთო ფოტოები საზოგადოებას პირველად ვალენტინობის დღესასწაულზე გაუზიარეს. მიუხედავად ამისა, მანამდე ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდნენ.