
რუსული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები უახლოეს დღეებში კონგრესის მოწვევას გეგმავენ, რათა უკრაინის, კონკრეტულად კი ყირიმის მიმართ კრემლის მიერ განხორციელებული პოლიტიკა დაგმონ.
ამის შესახებ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა:
„ჩვენი ქვეყანა სახიფათო ავანტურაში აღმოჩნდა ჩართული. ლოზუნგის ქვეშ: „დავიცვათ ყირიმის რუსულენოვანი მოსახლეობა, ასევე უკრაინელები ახალი არალეგიტიმური, ფაშისტური ხელისუფლებისგან“ - უკვე მოხდა ყირიმის ფაქტობრივი ანექსია.
უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, დარღვეულია ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპები. რუსეთი მიზანმიმართულად უახლოვდება ახალ ცივ ომს დასავლეთთან, რომლის უმძიმესი შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია“, - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას დღეის მონაცემებით ხელს უკვე აწერენ რუსეთის ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები: ლია ახეჯაკოვა, ვიქტორ ეროფეევი, ანდრეი მაკარევიჩი, გრიგოლ ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინი), ელდარ რიაზანოვი და სხვები.