
გუშინ ღამით, “კურიერის” სპეცგამოშვებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო სამსახურმა დააკავა ყველა ის 22 პირი, რომლებიც დილის საათებში დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ არა 22, არამედ მერიის 4 თანამშრომელი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგანგებო განცხადებაში, რომელიც წუხელ, გვიან ღამით გავრცელდა, დადასტურებულია, რომ თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულებს 7 დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საგანგებო განცხადებაში ვკითხულობთ:
"მერიის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე საგამოძიებო სამსხურის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდევების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვა პირებთან ერთად მიითვისეს და გაფლანგეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა 48 930 822 ლარამდე თანხა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 -ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქმის გამოძიება გრძელდება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქმის დეტალებზე საგამოძიებო სამსახური საგანგებო განცხადებას დღის განმავლობაში გაავრცელებს.