
დილის დაკავებების შემდეგ ჩვენ გვქონდა კონსულტაცია იურისტებთან და გადაწყდა, რომ უკანონოდ დაკავებულებს სარჩელი შეეტენათ სასამართლოში და განცხადება პროკურატურაში, საღამოს კი მათ ოჯახებში შეუვარდნენ და ხელახლა დააკავეს.
ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა და დაამატა, რომ "ის აღვირახსნილი ნადირობა, რომელიც დილით დაიწყო, ყოვლად გაუგონარი ძალადობით გაგრძელდა".
გიგი უგულავას განცხადებით, მერიის გარშემო ამ წუთებშიც დგანან დაბურულმინებიანი მანქანები და სავარაუდოდ, მერიის რამდენიმე თანამშრომლის დაკავებასაც აპირებენ.
"მე მაქვს ინფორმაცია, რომ ყველაფერი ივანიშვილთან დაიგეგმა და მან ძილისპირულის წინ დავალება გასცა, რომ სწორედ ასე, საჯაროდ დააკავონ მერიის თანამშრომლები და ეს არის დაშინების მცდელობა, ამავე დროს, ადამიანის უფლებების დარღვევა".
გიგი უგულავამ მიმართა ნოდარ ხადურს, თუმცა მიანიშნა, რომ მისი აზრით, ოპერაციას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს:
"მინდა მივმართო ნოდარ ხადურს, თუ ეს მას ეხება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას ხელმძღვანელობს ღარიბაშვილი. მინდა ვთხოვო მათ, რომ გამოაგზავნონ სია, არანაირი მასკარადების მოწყობა საჭირო არ არის და ყველა, ვისთანაც შეკითხვები აქვთ, თავისი ფეხით მივა იქ, სადაც დაიბარებენ".
თბილისის მერმა გიგი უგულავამ მხარდაჭერა გამოუცხადა დაკავებულთა ოჯახებს: "სამწუხაროდ, ეს ღამეული დაჭერები, ალბათ, ისევ გაგრძელდება".