
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავა უარყოფს, რომ კუდ-ის ყოფილი უფროსი მას "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას აიძულებდა.
ამის შესახებ დეპუტატმა "ნიუპოსტს" უთხრა, როცა კომენტარი გაუკეთა თითქოსდა მისი გადაბირების მცდელობას კუდ-ის ყოფილი უფროსის მხრიდან.
ლევან ქარდავა, რომელიც პარლამენტში არჩევამდე ბიზნესით იყო დაკავებული, აცხადებს, რომ არასწორია მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთ საშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მას კუდ-ის ყოფილი უფროსი, მისივე სეხნია ლევან ქარდავა ურეკავდა და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას სთავაზობდა.
"ეს ძალიან არასერიოზული და სასაცილო განცხადებაა. ლევან ქარდავას ჩემთვის არასდროს დაურეკავს ამ წინადადებით. ვინ და რატომ ავრცელებს ასეთ არასწორ ინფორნაციას, გაუგებარია", - ამბობს მაჟორიტარი დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოიხსენია, როცა სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ, ძალადობის შემცველ ვიდეომასალებზე ისაუბრა: "ამ კონკრეტულ სისტემას, ამ დარღვევების ჩამდენებს აქვთ კონკრეტული სახელები და გვარები. კონსტიტუციური უშიშროების დეპარტამენტის ორი მთავარი ფიგურა – ვინმე ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა, კუდის ფაქტობრივი უფროსი და შემქნელი, რომელიც ჩვენ მთავრობას შევარდნაძის დროიდან გადმოყვა".
საქართველოს პრეზიდენტმა კუდ-ის ყოფილი უფროსი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გადაბირების მცდელობაშიც დაადანაშაულა, თუმცა, დეპუტატის ვინაობა არ დაუსახელებია.
სამაგიეროდ, „ივერონთან“ საუბარში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დეპუტატი, ვის გადმობირებასაც კუდ-ის ყოფილი უფროსი ცდილობდა, წალენჯიხის მაჟორიტარი ლევან ქარდავა იყო: "წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავა არის, რომელსაც კუდ-ის ყოფილი უფროსი ჩვენი რიგების დატოვებას აიძულებდა და არა მხოლოდ მას, სხვებსაც. სამწუხაროდ, კუდ-ის ყოფილ უფროსს ამ ხელისუფლებამ განრიდება გაუკეთა და საფუძლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშია, რომელშიც ეს ადამიანები მონაწილეობენ“, - თქვა მიხეილ მაჭავარიანმა „ივერონთან“ საუბარში.
დეპუტატ ლევან ქარდავას თქმით, ის დაუკავშირდა მიხეილ მაჭავარიანს და უთხრა, რომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მისი სიტყვები ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს. „ჩემი ინფორმაციით, ის დაუკავშირდა ერთ-ერთ მედიასაშუალებას და მისი ციტატის ჩასწორება სთხოვა, რაც ამ მედიასაშუალებამ გააკეთა კიდეც, მაგრამ სხვადასხვა მედიასშუალებაში მაინც გავრცელდა თავდაპირველი, არასწორი კომენტარი“, - უთხრა „ნიუპოსტს“ დეპუტატმა ლევან ქარდავამ.