
ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი, სულიკო საყევარაშვილი - ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულების ვინაობა ცნობილია. როგორც ირკვევა, ისინი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან.
ვაჟა გიგაური არის ერთ-ერთი, რომელიც ინციდენტის დროს ყველაზე აქტიური იყო და ვახო სანაიას უთხრა, მისი სახე დაემახსოვრებინა.
ტელეკომპნია "მთავარის ინფორმაციით" ვაჟა გიგაური "კორცხელის ინციდენტის" ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, გიორგი გიგაურის, იგივე ჯიჯეს ახლობელია და ისინი ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ.
მომხდარი უკვე შეაფასეს მედიის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
"წლების განმავლობაში ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ორკესტირებულ შეტევას არა უბრალოდ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებზე, არამედ სამიზნეებად არიან ამოღებული კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ტელეწამყვანები. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქვეყანაში არის დაუსჯელობის სინდრომი, ხელისუფლება ახალისებს აგრესიას", - თქვა "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემ.