
დღეს, 25 თებერვალს, ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ.
როგორ ვახო სანაია აცხადებს, თავდამსხმელებისგან პირდაპირი აგრესია იგრძნობოდა ტელევიზიების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ.
თავდასხმის შესახებ დეტალებზე ჟურნალისტმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"მოყინული გზების გამო მანქანის გადასაადგილებლად სამაშველო ჯგუფი გამოვიძახეთ, რა დროსაც, სამი ადამიანი მოვიდა ჩვენთან" - ამბობს სანაია.
სანაიას განცხადებით, სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი მუდმივად "პროვოცირებდა" და მის "გამოწვევას" ცდილობდა.
"როდესაც ჩვენ მანქანას ვაწვებოდით და ვეხმარებოდით მაშველებს, მუდმივად პროვოცირებდა. მე ვუთხარი, დამანებე თავი, ვაკეთებ ჩემს საქმეს. ნასვამი იყო სამივე, ალკოჰოლის სუნი ვიგრძენით ყველამ. შემდეგ ჩამოიხსნა შარფი სახიდან, მითხრა — კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა.
ვუთხარი, რომ საერთოდ ვერ ვხედავდი და თავი დაენებებინა. შემდეგ ოდნავ მოშორებით გადაინაცვლა, დაიწყო გინება, მანქანას შემოუარა, მე ზურგით ვიდექი და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებმოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, ინსტიქტურად გავიწიე, რა დროსაც ეს ადამიანი წაიქცა. გზა მოყინული იყო და მეც წავიქეცი. როცა წაქცეული ვიყავი, ის დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც.
ამ დროს ჩემი ცოლი და რძალი გადმოვიდნენ მანქანიდან. ჩემს რძალსაც დაზიანებები აქვს, მასაც დაარტყეს. პირდაპირ აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება. მე ვფიქრობ, ეს არის ზუსტად ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან ტელევიზიების, კრიტიკული არხების მიმართ. ფიზიკური სახით გადმოვიდა ეს ჩვენზე", — განაცხადა ვახო სანაიამ.
საქმეზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომხდარზე სამი პირი დაკავებულია.