
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა კოვიდ 19-ის ტესტირებისთვის განკუთვნილი ნაკრები, რომლის გამოყენება სახლის პირობებშია შესაძლებელი.
ეს გახლავთ მინი ლაბორატორია, რომლის საშუალებითაც პასუხის მიღება 30 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი.
Lucira Health- ის მიერ შექმნილი ერთჯერადი გამოყენების ტესტს სახლის პირობებში გადაუდებელი გამოყენების ნებართვა მიენიჭა. ტესტის გაკეთება 14 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების ცხვირიდან აღებული ნაცხიანი ტამპონის გამოყენებით ხორციელდება.
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ნაცხის აღება 14 წლის ასაკზე უმცროსი პირებისგან ხდება, ეს პროცედურა მედიკოსებმა უნდა ჩაატარონ.
BBC-ის ინფორმაციით კი, მსგავსი ლაბორატორია შექმნეს ბრიტანელმა მეცნიერებმაც. ის არის ერთგვარი პატარა ზომის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია COVID-19-ის გამოსავლენად საჭირო ქიმიკატები და ყოველგვარი დამატებითი ლაბორატორიული კვლევების გარეშე 90 წუთში მაქსიმალური სიზუსტით ადგენს ადამიანი ინფიცირებულია თუ არა.