-
2020-11-11 12:39
Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა შემოწმების გავლის შემთხვევაში ხელმისაწვდომი, შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იყოს. - ასე გამოეხმაურა სიახლეს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და იმუნოლოგი, ენტონი ფაუჩი.
ენტონი ფაუჩი ფიქრობს, რომ კომპანია Covid-19-ის ვაქცინის გამოყენებისთვის ნებართვის მიღების მცდელობას მომავალი კვირიდან დაიწყებს.
"რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ხალხისთვის ხელმისაწვდომი რაოდენობა, შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გვქონდეს, ალბათ უფრო დეკემბერში". – თქვა მან.
მისივე თქმით, Pfizer-ი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაა და ვაქცინების სრულყოფაში დიდი გამოცდილება აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ მათმა ვაქცინამ ჯერ შემოწმებები უნდა გაიაროს, 90%-ით ეფექტიანობის ჩვენება კარგი ამბავია.
"დიდი ალბათობით, ვაქცინა ხალხისთვის მასიურად ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე იქნება. ეს კარგი ამბავია". – თქვა მან.
აშშ-ს ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატი 90%-ით ეფექტიანია Covid-19-ის პრევენციაში.
ვაქცინის მაღალი ეფექტიანობა აღმოჩენას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რეგულატორებმა თქვეს, რომ ისინი თანახმანი იყვნენ, 50%-ით ეფექტიანი ვაქცინაც კი დაემტკიცებინათ, რომელიც იცავს აცრილთა მხოლოდ ნახევარს. ახალი ვაქცინა, მწარმოებლების თანახმად, 90%-ს დაიცავს, რამაც მეცნიერებში არსებულ ამჟამინდელ მოლოდინებს გადააჭარბა.