
კომპანია Apple-ი საკუთარი საძიებო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც აიფონებსა და აიპადებზე Google-ის საძიებო სისტემას ჩაანაცვლეს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ცოტა ხნის გამოშვებული iOS 14-ის ერთ-ერთ განახლებას რამდენიმე პოპულარული საძიებო დავალების შესრულება Google-ის გამოყენების გარეშე უკვე შეუძლია. FT ასევე წერს, რომ 2018 წელს Apple-მა სამსახურში ჯონ ჯანანდრეა აიყვანა, რომელიც მანამდე Google-ში საძიებო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამის გარდა Apple-ი რეგულარულად აქვეყნებს განცხადებებს სპეციალისტების ძებნის შესახებ, რომლებიც „ინოვაციური საძიებო ტექნოლოგიის არქიტექტურის რეალიზაციით“ უნდა დაკავდნენ.
ამ ეტაპზე Apple-ი Google-ისგან წელიწადში 8-12 მილიარდ დოლარს იღებს იმისთვის, რომ აიფონებსა და აიპადებზე სწორედ ამ კომპანიის საძიებო სისტემა გამოიყენება. ეს თანხა Aplle-ის წლიური შემოსავლის 15-20%-ს შეადგენს.