-
2013-06-26 10:20
უფლებადამცველი ელენე თევდორაძე „საქართველო და მსოფლიოსთან“ სკანდალურ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2006 წელს, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებას იქ გიგა ბოკერიას მისვლა უძღოდა წინ, ხოლო სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებთან დაკავშირებით ამბობს, რომ დანაშაული სისტემური იყო.
ელენე თევდორაძე ჟურნალისტ ეკა ნასყიდაშვილთან საუბარში ამბობს, რომ სავარაუდოდ, პატიმრებზე ძალადობა და წამება, ასევე ამ პროცესის გადაღება 2008 წლიდან იღებს სათავეს. ამავე დროს, უფლაბადამცველი ამბობს, რომ ყოველთვის აშფოთებდა პატიმართა რიცხვის ზრდა და ამის შესახებ შეკითხვით გიგა ბოკერიასაც მიმართა, მისმა პასუხმა კი შოკში ჩააგდო:
"თორმეტი წელი ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქვეყანაში 7ათასზე მეტი პატიმარი არ გვყოლია, ამ ახალგაზრდების მოსვლის შემდეგ კი პატიმართა რაოდენობა კატასტროფულად იზრდებოდა. ერთხელ ბოკერიასთან შევედი და ვუთხარი: რა ხდება? რატომ იზრდება ასე დაკავებულთა რიცხვი-მეთქი? თან, არ დაგავიწყდეთ, ეს ხდება მანამდე, სანამ პრეზიდენტმა ნულოვანი ტოლერანტობისკენ მოუწოდა მთავრობას. გიგა ბოკერიას პასუხი ასეთი იყო: ჩვენ პატიმართა რიცხვი 24 ათასამდე უნდა გავზარდოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მოგვცემენ ფულს, რათა ციხეები ავაშენოთ. მისმა ნათქვამმა შოკში ჩამაგდო...“, - ამბობს ელენე თევდორაძე.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ სკანდალური სუბარი ვანო მერაბიშვილთანაც ჰქონდა და ეს 2005 წელს მოხდა:
„მინდა მოგიყვეთ ერთი შემთხვევა: პირველი სამი ახალგაზრდა დიღომში რომ დახვრიტეს, ალბათ, გახსოვთ ეს ამბავი. ჩემთან მოვიდნენ თვითმხილველები და მათ მითხრეს, რომ სამივე ახალგაზრდა დაჩოქილი ეხვეწებოდა პოლიციას, არ გვესროლოთ, დაგვაპატიმრეთო, მაგრამ მათ მაინც დახვრიტეს. მე, რა თქმა უნდა, წუთითაც არ დავფიქრებულვარ, მერაბიშვილთან მაშინვე მივედი და ყველაფერი მოვუყევი, ვუთხარი, რომ ეს ამბავი არ დაიმალებოდა, მერაბიშვილმა მიპასუხა: სანამ ასეთ 200 კაცს არ ჩავაწვენ მიწაში და თქვენც არ მიგაყოლებთ, არ მოვისვენებო. ეს იყო 2005 წელი, მას შემდეგ მოხდა გირგვლიანის ამბავი და კიდევ ბევრი დანაშაული“, - ამბობს ელენე თევდორაძე.
საუბრის ბოლოს ელენე თევდორაძე 2006 წელს მომხდარ ციხის ბუნტის ამბებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ყველას ეხვეწებოდა, პატიმრებისთვის არ ესროლათ. კითხვაზე, გასცა თუ არა ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანება ბაჩო ახალაიამ, თევდორაძე უარყოფითად პასუხობს, ხოლო შეკითხვის შემდეგ: „ბოკერიამ?“ ჟურნალისტი მასალას ასე ასრულებს:
„ელენე თევდორაძემ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჩაილაპარაკა:
-არ ვიცი, ის მოვიდა და სროლა მერე დაიწყო...“