
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი აქვეყნებს პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში ჩადებულ მის საუბარს, მიმოწერას შვილთან, რომელსაც, უგულავას თქმით, შეხება არა აქვს საქმესთან:
„-მაგალითად, ახლა რას აკეთებთ?
-ახლა ვმეცადინეობთ.
-კარგი, მაშინ შაბათს არ დაგეგმოთ არაფერი და შაბათს ვიყოთ ერთად, თორემ მერე მე მივფრინავ სტრასბურგში და ბრიუსელში.
-კარგი, მამა, გკოცნი.
-კარგი, გკოცნი“. - ეს ფრაგმენტი გიგი უგულავამ პირადად წაიკითხა საგანგებო განცხადებაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
გიგი უგულავა აცხადებს:
„ვინმემ ამიხსნას დედამიწის ზურგზე, რას ნიშნავს მამა-შვილის პრივატული საუბრის გამოქვეყნება... რას აკეთებთ საერთოდ, რა ჯიშის და რა მოვლენის მომსწრეები ვართ? კრეტინიზმსაც აქვს საზღვარი. რა გავეშება დაემართა ამ ხალხს? ციხეში კი არა, ციმბირში წავალ, ეგეთები არ იკადროთ, ოღონდ...
გამოვლენ ახლა და იტყვიან, რომ დაკანონებული ჰქონდათ ეს საუბრები. რა ჰქონდათ დაკანონებული, რომ ჩემი და ტასოს საუბრებს რამე საერთო ჰქონდა საქმესთან? ეს არის სამართლიანობის აღდგენა? როგორ უნდა გინდოდეს წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა, რომ ასეთ რაღაცეებზე წახვიდე, რაზეც ესენი მიდიან?
ეს არის სამართლიანობის აღდგენა? დიახ, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, ოღონდ ივანიშვილის ვერსიით“, - აცხადებს გიგი უგულავა.