
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, რომ გაკოტრების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
კომპანიის ცნობით, საუბარია განსაკუთრებული ვარიანტის გაკოტრებაზე, რომლის პირობებშიც კომპანია შეინარჩუნებს საკუთარი აქტივების მართვას, რომელსაც ექნება აშკარა უპირატესობა სახელმწიფო დახმარებაზე. ამის შესახებ ავიაკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალ Focus -თან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემის ცნობით, ასეთი სახის გაკოტრება, მაგალითად, ავიაკომპანიას საშუალებას მისცემს, შეწყვიტოს ბილეთის თანხის დაბრუნება 1.8 მილიარდი ევროს მოცულობამდე, ასევე გაამარტივოს პერსონალის გათავისუფლება და დახუროს არარენტაბელური შვილობილი კომპანიები. შედეგად, სამსახურის გარეშე დარჩება არა 10 ათასამდე ადამიანი, არამედ გაცილებით მეტი.
„დახმარების პაკეტზე უარი სიგნალი იქნება ფედერალური მთავრობისთვის ბრიუსელთან ახალი მოლაპარაკებების დასაწყებად“ , - აცხადებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ავიაკომპანია, საკუთარი გათვლებით, ამ დროისთვის, საათში მილიონი ევროს ოდენობით ზარალდება. ეს ნიშნავს, რომ 4 მილიარდი ევროს ოდენობის რეზერვები გამოყენებული იქნება შემოდგომაზე. ამიტომ, გაკოტრებულად გამოცხადება შესაძლებელი იქნება 2021 წლისთვის.