
ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 189 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ყველა მათგანი ტრაილერის მძღოლია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, დღეს ლაბორატორიაში კვლევისთვის 243 ნიმუში გაიგზავნა. მათივე თქმით, დანარჩენის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
,, იცით, რომ ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე მოწყობილ ტირ-პარკში იმყოფებიან. დღეს აქედან ლაბორატორიაში ,,პისიარ“ კვლევისთვის 243 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. იმ მძღოლებმა, რომლებსაც ,,კოვიდ19" არ დაუდასტურდათ, ტირ- პარკი უკვე დატოვეს. ველოდებით დანარჩენი მძღოლების ანალიზების პასუხებს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინიც დატოვებენ აღნიშნულ სივრცეს,", - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.
ამასთან, ,,ცხელების კლინიკაში“ ამ დროისთვის 3 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი 7 თვის ბავშვია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ცხელებით შეიყვანეს.
,,სამი პაციენტიდან ერთი, 40 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან უკვე დატესტილია და ველოდებით ანალიზის პასუხს. გვყავს კიდევ ორი პაციენტი - 7 თვის გოგონა და 14 წლის ბიჭი ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ხვალ დილით გაიგზავნება. სამივე პაციენტი „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ პალატებში მკურნალობს. ამჟამად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.