
ტყუილით და მანიპულირებით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ჭაობში შეიყვანა და ყველა ნაბიჯით უფრო ღრმად იძირება მასში. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - შეთანხმების შესრულება მის ორივე ნაწილში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქარაძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების შესრულება გულისხმობს, როგორც საარჩევნო, ასევე პოლიტიკური დევნის ნაწილში მის შესრულებას. როგორც ბაქრაძე ამბობს, სწორედ ასეთი მოლოდინი არსებობს უცხოელი პარტნიორების მხრიდანაც.
„დღეს პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ჩვენ სწორედ ასე ვხედავთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ორივე ნაწილში და ეს იქნება ის ნაბიჯი, რომელიც გახსნის სივრცეს ნორმალური პოლიტიკური კლიმატისა და ურთიერთობისთვის ამ ქვეყანაში. ჩვენ, ასევე, ვიმსჯელებთ საარჩევნო მზადების საკითხებზე, გავაგრძელებთ საუბარს მაჟრიტარული კანდიდატების კოორდინირების თემაზე, რომელიც უკვე დაწყებული იყო. ძალიან ბევრი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი იქნება ის ცალსახა მოლოდინი, რომელიც არსებობს ოპოზიციურ პარტიებში, რომ ხელისულფებამ უნდა შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და ეს შესრულება მოიცავს ორივე ნაწილს. რა თქმა უნდა, არსებობს იმის ალბათობა, რომ შეთანხმება არ შესრულდეს და ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ეს იქნება ის გზა, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ. ჩვენ ვხედავთ რომ 8 მარტის შეთანხმებით მანიპულირების შედეგად, ხელისუფლება მივიდა იმ ვითარებამდე, როცა ევროპარლამენტის, ამერიკის კონგრესის წევრები პირდაპირ და ღიად იყენებენ ტერმინს პოლიტიკური პატიმრები და პირდაპირ ითხოვენ მათ გამოშვებას. ასეთი რამ წარსულში არ ყოფილა არასდროს. საკუთარი ტყუილით და მანიპულირებით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი შეიყვანა ჭაობში და ყველა ნაბიჯით უფრო ღრმად იძირება მასში. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - შეთანხმების შესრულება მის ორივე ნაწილში, როგორც ამას ითხოვენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, ჩვენი ქართული საზოგადოება. როგორც კი დავინახავთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა შეთანხმების ორივე ნაწილის შესასრულებლად, ჩვენ მზად ვიქნებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც არის ჩვენი ვალდებულება და მათ შორის, მხარი დავუჭიროთ საარჩევნო პროპორციების ნაწილს,“- აცხადებს ბაქრაძე.