-
2013-06-26 09:28
საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა „რუსთავი2“-თან საუბარში დიცსა და დვანში რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესზე, თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეომუქარაზე, ვანო მერაბიშვილის დაკავებასა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ რუსეთის პოზიციაზე ისაუბრა.
"ძალიან გვაღელვებს მავთულხლართების გავლების საკითხი. ეს ეწინააღმდეგება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და სრულიად მიუღებელია ჩვენთვის. მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას. ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებთ საქართველოში ვიზიტისას და დაჟინებით მოვითხოვთ რუსეთისგან, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები", - აღნიშნა რასმუსენმა დიცსა და დვანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავების პროცესზე, რასმუსენმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდება:
"ჩვენ არ ვერევით სამართლებრივ პროცედურებში, მაგრამ გარკვევით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობამ უდავოდ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპს და უზრუნველყოს სამართლიანი პროცესი.
რა თქმა უნდა, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საქმეები არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებულად აღქმული, ეს მოქმედი მთავრობის ინტერესებშიც არ შედის".
ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოში გაწევრიანების თემზე რუსეთის მიერ გამოხატულ პოზიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნატოს გაფართოების საკითხში ნატოს არაწევრი ქვეყანა ვერ ჩაერევა:
"ნატოს ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ შეგვიძლია ალიანსში მოვიწვიოთ ევროპული, დემოკრატიული ქვეყნები, თუ ისინი საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ შემოუერთდნენ ნატოს. ნატო და ნატოს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება. ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, თუ მათ აქვთ ამის სურვილი და აკმაყოფილებენ საჭირო კრიტერიუმებს, ასე რომ, რუსეთის გადასაწყვეტი არაა, ვინ გახდება ალიანსის წევრი", - თქვა ინტერვიუში რასმუსენმა.
სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გენერალური მდივანი გამოეხმაურა თალიბების სახელით ატვირთულ ვიდეომუქარებსაც და განაცხადა, რომ ავღანეთის მისიაში მონაწილე ყველა ქვეყნის, მათ შორის, ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერი კეთდება:
"ვიდეოების მოტივზე ვერაფერს გეტყვით, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მეთაურები ადგილზე ყველა საჭირო ზომას იღებენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ISAF-ის მისიაში მონაწილე ჯარისკაცების, მათ შორის ქართველი სამხედროების უსაფრთხოება", - აცხადებს ანდერს ფოგ რასმუსენი.