მოსკოვში მოღვაწე ზუგდიდელი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნების მერე ჩადებს ინვესტიციებს საქართველოში და კიდევ უამრავია, ვინც ჩამოვა, რათა სფეროები გადაინაწილოს და „ისტორიულ სამშობლოს მიხედოს“.
ამის შესახებ ბიზნესმენმა „ბიზნესკურიერში“ გამოსვლისას განაცხადა და დაამატა, რომ საქართველოში სამონადირეო მეურნეობის განვითარებას გეგმავს.
„არჩევნების შემდეგ რუსეთიდან ძალიან ბევრი ვაპირებთ ჩამოსვლას, რომ სხვადასხვა სფერო დავინაწილოთ, ჩავდოთ ინვესტიციები და მოვეხმაროთ ჩვენს ისტორიულ სამშობლოს", - აცხადებს რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კონგრესის თავმჯდომარე.
ამასთან, მიხეილ ხუბუტია სწუხს, რომ ახალ მთავრობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა შეინიშნება და იმედს გამოთქვამს, რომ შემოთავაზებები მათგანაც იქნება. ხუბუტიას თქმით, სამონადირეო მეურნეობის განვითარება ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ბიზნესმენი მაგალითად ასახელებს აზერბაიჯანს, სადაც ამ სფეროში ინვესტიციის ჩადებამ გაამართლა:
"სადაც მე მაქვს სამონადირეო მეურნეობა, ეს არის ჯვართან, ენგურჰესთან, იქ რომ ჩავიდნენ ინვესტორები, ისეთი სილამაზეა, რომ ყველა შეეცდება, იქ სასტუმრო ან მსგავსი რამ გააკეთოს",- ამტკიცებს ბიზნესმენი.
მიხეილ ხუბუტია „ნიჭიერ კაცად“ მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა მას გარემოცვის შეცვლას ურჩევს:
„ნიჭიერი კაცია და ასე რომ არ იყოს, მიზანს ვერ მიაღწევდა, მაგრამ მე გარემოცვა არ მომწონს და ალბათ, თვითონაც ხვდება, რადგან ყველა ხელისუფალი ცვლის გარემოცვას“, - აცხადებს ხუბუტია.