-
2013-06-22 11:40
კუდ-ის ყოფილი უფროსის ლევან ქარდავას ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის „აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ბრალდებები, მაშინ როცა პროკურატურას ლევან ქარდავასთვის საპროცესო გარიგებაც კი არ გაუფორმებია“.
კახა შონიას თქმით, ლევან ქარდავა საქართველოდან არ წასულა, არჩევნების შემდეგაც ჩვეულებრივად აგრძელებდა მუშაობას და მაინც დააკავეს, ბრალად კი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას გატაცების ორგანიზების გამო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება წაუყენეს.
ამასთან, ლევან ქარდავას ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ქარდავა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
„რას ემყარებოდა პრეზიდენტის განცხადება, გაუგებარია, რადგან რეალურად, არავის გადაბირებასა და დაშანტაჟებას ლევან ქარდავა არ ახდენს. ეს, უბრალოდ, სიცრუეა“, - აცხადებს ადვოკატი. მისივე თქმით, ლევან ქარდავამ ოცი დღის წინ მიმართა საპროცესო გარიგების მოთხოვნით პროკურატურას, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, ამ ფონზე კი პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაოცებას იწვევს.
პრეზიდენტის მიერ წამებისა და ძალადობის ორგანიზებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების დაშანტაჟებაში დადანაშაულებული კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა სკანდალურად ცნობილი მეგის ქარდავას ძმაა.
ლევან ქარდავა 2003 წლის ზაფხულიდან სპეცსამსახურებში მუშაობს და 2003-2012 წლებში მიღებული აქვს რამდენიმე სიგელი და მადლობა, არის სახელმწიფო ჯილდოს მფლობელიც. 2003 წიდან 2012 წლის ჩათვლით ლევან ქარდავას დაწინაურება ხდებოდა ეტაპობრივად, სხვადასხვა თანამდებობაზე, 2012 წლის ივლისში კი კუდ-ის უფროსად დაინიშნა.
ლევან ქარდავა 2012 წლის დეკემბერში, შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დააკავეს. თავდაპირველად სასამართლომ უარი თქვა გირაოთი მის გათავისუფლებაზე და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო არსებითი განხილვის დროს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მისი დაკავების შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ლევან ქარდავას ჩვენებაც, სადაც ის ამბობს, რომ ბესო სურმავას გადაბირება თვითონ, ვინმეს დავალების გარეშე გადაწყვიტა, ხოლო სურმავას ბათუმში გადაყვანისა და მისთვის ფულის შეთავაზების დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია და დეტალები მისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა წამებისა და ძალადობის ამსახველი კადრების აღმოჩენის შემდეგ, საგანგებო გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ლევან ქარდავა „შევარდნაძის დროიდან გადმოგვყვა“ და რომ ვიდეოებზე ასახული მეთოდების უკან ორი ადამიანი: „ვინმე ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა დგანან“. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ქარდავა მთავრობასთან თანამშრომლობასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატების დაშინებაში დაადანაშაულა:
„ლევან ქარდავა, კუდ-ის ყოფილი უფროსი არის ის ადამიანი, რომელიც მაგალითად, საქართველოს პარლამენტში ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გავიდნენ და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან. ეს ორი ადამიანი (ჩხატარაშვილი და ქარდავა - რედ.) იყო, საუბედუროდ, იმ ბევრი უკანონობის ჩამდენი, როგორც ახლა ირკვევა. მე მართლა არ ვიცნობდი ამ ორ ადამიანს, არც ვიცოდი ვინ იყვნენ ბოლო დრომდე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩემს პასუხისმგებლობას. სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი საშინელებების ჩამდენი სუბიექტები გადმოვიყოლეთ წინა მთავრობიდან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.