-
2013-06-17 22:18
14 ივნისს აშშ-ის კონგრესმა უცვლელად დაამტკიცა წარმომადგენლობითი პალატის თავდაცვის კომიტეტის განცხადების ტექსტი საქართველოსთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადების პროექტში საქართველოს ხელისუფლების მიმართ პრეტენზია იყო გამოთქმული და აღნიშნული იყო, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების დევნას საფრთხეს უქმნის აშშ-საქაღტველოს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ განცხადების ტექსტის საბოლოო ვარიანტი შეიცვლებოდა და იგი ნაკლებად კრიტიკული იქნებოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ სახეზე იყო არა კონგრესის განცხადება, არამედ ერთი კონგრესმენის მაიკ ტერნერის ჩანაწერი, თუმცა კონგრესმა აღნიშნული ჩანაწერი 315 მომხრით 108-ის წინააღმდეგ უცვლელად დაამტკიცა. 315 მომხრეს შორის 212 რესპუბლიკელი და 103 დემოკრატია.
შეგახსენებთ ციტატებს განცხადების პროექტის ტექსტიდან, რომელიც აშშ-ის კონგრესმა უკვე დაამტკიცა:
"ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, ნაწილობრივ, ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით და შესაძლოა არსებითად უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, მათ შორის, უფრო ღია და მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის კონგრესის განცხადებაში საუბარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის დაკავების ფაქტზეც:
" ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას, განსაკუთრებით ამ ფაქტის ნეგატიური ზემოქმედება პოლიტიკურ თავისუფლებაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია დანიშნული", - ნათქვამია აშშ-ის კონგრესის განცხადებაში.