
დაკავებული მიკაილ კადიევის ძმის რამაზ კადიევის თქმით, მისი ოჯახი შოკში იყო, როდესაც მისი ძმის დაკავების ამბავი გაიგო. როგორც კადიევი ამბობს, არც მის ძმას და არც მეორე დაკავებულს რიზვან ომაროვს დანაშაული არ ჩაუდენიათ და ეს ყველაფერი "ვიღაცას აწყობს".
რამაზ კადიევის თქმით, მას არ შეუძლია იმის თქმა, თუ ვის ინტერესებშია მისი ძმის დაკავება, ამიტომ მიმართავს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, გაერკვნენ სიტუაციაში. ამის შესახებ დაკავებულის ძმამ „ფრონტნიუსის“ პრესკლუბში განაცხადა.
რამაზ კადიევის ინფორმაციით, მის ძმასთან ციხეში დაკავების შემდეგ სამი ადამიანი შევიდა და დანაშაულის აღიარება მოსთხოვა, სანაცვლოდ კი რიზვან ომაროვის გაათავისუფლებლებას დაჰპირდნენ. კადიევმა მათ უარი განუცხადა. რამაზ კადიევის თქმით, ამ ინფორმაციაზე პროკურატურას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
საქალაქო სასამართლოს პროცესზე, სადაც კადიევს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ სახლში შემოჭრილმა ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა მისი ძმა ოთახიდან გარეთ გაათრიეს, თვითონ კი იატაკზე დააგდეს და უგულებელჰყვეს მისი მოთხოვნა, ჩხრეკას მოწმეები დასწრებოდნენ.
მისივე თქმით, იარაღი ჩაუდეს და ახლა გარიგებას სთავაზობენ, რომ იარაღის მფლობელობის აღიარების სანაცვლოდ ნაკლებად მძიმე სასჯელს მიიღებს. „მე ამ გარიგებაზე არ წავალ და თუნდაც ასი წელი მომისაჯონ, ჩადებულ იარაღზე არ ვიტყვი, რომ ჩემია“, - თქვა კადიევმა პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი თავდაპირველად ტერაქტების მოწყობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, საბოლოოდ კი ბრალი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის გამო წაუყენეს.