
შსს-ს განცხადებით სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღის, საბრძოლო მასალების, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და "საიდუმლო ხელნაწერების" კადრში მოხვედრილ ფრაგმენტს შორის იშიფრება მოსწავლე მეგის სერგოს ძე ქარდავას სკოლის დღის განრიგი.
ოფიციალურ ვიდეომასალაში, რომელიც შსს-ს განცხადებას თან ერთვის, კადრის შეჩერების შედეგად, დამატებითი ტექნიკური მეთოდების გამოყენების გარეშეც კარგად იკითხება საქაღალდის გვერდით მდებარე რვეულის ერთ-ერთი ფურცლის ჩანაწერი.
"ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში.
ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის",-განაცხადა კომენტარში შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
საქაღალდეს, რომელსაც აწერია "დასაჭერები" კი გვერდით უდევს რვეული, რომლის ერთ-ერთ ფურცელზეც იკითხება შემდეგი ჩანაწერი:
"მეგის სერგოს ძე ქარდავას შინაგანაწესი".
ხელნაწერი დოკუმენტი 1987 წლით თარიღდება და იქ სკოლის მოსწავლე მეგის ქარდავას დღის განრიგია აღწერილი:
"1. დღეში 4–ჯერ კვება მშობლების მითითების მიხედვით.
2. დილის 8 საათზე სკოლისთვის მომზადება.
3. სკოლაში გაკვეთილებზე ყურადღებით მოსმენა, შესვენების ნორმალურად გამოყენება ამხანაგებთან თამაშში მონაწილეობის გარეშე.
4. მეცადინეობის დამთავრების შემდეგ ფრთხილად სახლში წასვლა.
5. სკოლაში დაბრუნების შემდეგ 1 საათი შესვენება, მერე სხვადასხვა სათამაშოებით გართობა 1 საათს. ფეხბურთის თამაში ოთახში აკრძალულია, ამისთვის გამოიყენება ეზო".