
ავღანეთში დაღუპული 7 ქართველი ჯარისკაცის ჩამოსვენების ცერემონიალის მონაწილეებმა თბილისის აეროპორტში კომენტარები გააკეთეს.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ერთად, დაღუპულებს აშშ-ც გლოვობს:
„დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი ცივილიზებული სამყარო გლოვობს ამ უზარმაზარ დანაკარგს, ტრაგედიას. ჩვენ დღეს ქართველებთან ერთად დავტირით იმ მამაც ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც დაიღუპნენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
პირადად გავატარე წელიწად-ნახევარი ავღანეთში და კარგად ვიცი, რომ მათი თავგანწირვით, ვაჟკაცობით, ავღანელ ხალხს მიეცა შესაძლებლობა, თავი დააღწიოს ზეწოლას. თავად ის ფაქტი, რომ საქართველო ქვეყანაა, რომელსაც გამოვლილი აქვს ზეწოლის რეჟიმი, ამ თავგანწირვას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენ, თქვენთან ერთად ვართ ამ გლოვის დღეებში“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ჩამოსვენების ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ჟურნალისტებს ესაუბრა და ქართველებს სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლისკენ მოუწოდა:
„მინდა განსაკუთრებულად მივუსამძიმრო ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს. ჩვენი ვალია, მთავარი ამოცანაა, რომ მათ მოვუფრთხილდეთ, მათ ვუპატრონოთ. რაც შეეხება ამ გმირებს, მათ ნამდვილად სამშობლოსთვის გადადეს თავი და ერი, საქართველო, ამას დაააფასებს. ხვალ გაიმართება 7 საათზე, სამოქალაქო პანაშვილი და გამოთხოვება ჩვენს გმირებთან. ვთხოვ ყველას, თავისი მოსვლით, კიდევ ერთხელ გამოხატონ დიდი მხარდაჭერა, რომელიც ჭირდება ჩვენს მებრძოლებს ავღანეთში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ მებრძოლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია. ალასანიას განცხადებით, 5 დაჭრილი ავღანეთში რჩება და იქ გააგრძელებს მკურნალობის პროცესს, ორი გერმანიაში გაეგმგზავრება, ორი კი უკვე გაწერეს ჰოსპიტალიდან, არცერთი ჯარისკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.