კახეთში რთველი 2019-ის პროცესში გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი დღეღამური მაჩვენებელია.
„კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. ყოველდღიური გადამუშავების მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია როგორც ყურძნის დიდი მოსავლით, ასევე ვიცით, რომ სექტემბრის თვეში თითქმის ერთკვირიანი წვიმების გამო, რთველის პროცესი შედარებით გვიან დაიწყო. ღვინის მარნების მიერ ყურძნის მიღების პროცესი დაკავშირებულია გარკვეულ ტექნოლოგიურ პროცესთან და თითოეული მანქანის მომსახურებას მინიმუმ ნახევარი საათი ესაჭიროება. გააჩნია ასევე ღვინის საწარმოს ტექნიკურ შესაძლებლობებს, ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნათ დიდი რიგები და ასეთ შემთხვევებში მანქანები ორგანიზებულად გადამისამართდება ახლოს მდებარე საწარმოებში“, – აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლევან მეხუზლამ.