
საქართველოს ეროვნული გვარდიის ერთერთი დამაარსებელი, დღემდე ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსი გიორგი ალანია, რომელიც ჩეხეთში იმყოფება და, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ძებნილია, საქართველოს პირველ პირებს მიმართავს.
გიორგი ალანიამ საქართველო 1993 წელს, სამაჩაბლოს გავლით დატოვა, ცოლ-შვილი კი ქვეყნიდან მოგვიანებით, წითელი ჯვრის ორგანიზაციის დახმარებით გაიყვანა. ოფიციალურად მას ბრალი შეიარაღებული ბანდფორმირების შექმნასა და იარაღის ტარებაში ედება.
1997 წლამდე სამშობლოს ღალატის მუხლითაც იყო ბრალდებული, თუმცა, ბრალდება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შედეგად მოეხსნა. იმის შესახებ, რომ გიორგი ალანია ეროვნული გვარდიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია, ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეცაა აღნიშნული.
ამის მიუხედავად, ალანია საქართველოში ვერ ჩამოდის - ამაში ძებნილის სტატუსი უშლის ხელს, ამ სტატუსის მოხსნას და ძებნის გაუქმებას კი, ვერც წინა და ვერც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, ვერ მიაღწია.
გიორგი ალანიამ საქართველოს პირველი პირებისადმი მიმართვა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, მას კი თან დაურთო საქართველოს პრემიერმინისტრის ფოტო, რომელიც მასალას თან ერთვის. მასალას თან ვურთავთ ასევე გიორგი ალანიას მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, სადაც ის ძებნილადაა მოხსენიებული.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორის გიორგი ალანიას მიმართვას „აფხაზეთის ხმა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს,
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
მიმართვა
ბატონო პრეზიდენტო!
ბატონო პრემიერ მინისტრო!
მოგმართავთ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დამარსებლთაგანი, 1993 წლიდან ბიოლოგიური იარაღის ტარებისთვის ძებნილი მაიორი გიორგი ალანია.
წადით, თქვენი!
რატომ უნდა მოგამრთოთ, ან ამ ტიპის მომართვა რატომ უნდა სჭირდებოდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერს.
ვაი თქვენს პატრონს, ბატონო პრეზიდენტო და ბატონო პრემიერო, სხვა ქვეყანაში და სხვის ჯარისკაცის საფლავთან თავჩაქინდრული, საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცს რომ არ სცემთ პატივს, ამის გამო უნდა მოგმრთოთ?
თქვენ რომ ნამუსი გქონდეთ და ამ ქვეყნის სამსახურში მყოფი ხალხის პატივისცემა, მიმრთვა არ იქნებოდა საჭირო.
ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს
ოპერატიული სამსახურის უფროსი, მაიორი გიორგი ალანია.“