
კიევის ცენტრში, ბესარაბიის მოედანზე მანქანის აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე "ზონა" დაიღუპა.
"ტოიოტაში", რომელიც აფეთქდა, სამი პირი იჯდა. მათგან ერთი - თემურ მახაური დაიღუპა, დაჭრილი ქალი და მამაკაცი კიევის კლინიკაში გადაიყვანეს. ვიდეოზე, რომელიც გავრცელდა, აფეთქებიდან პირველი წუთებია გადაღებული, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქე თვითმხილველები მანქანაში მყოფთა დახმარებას.
თემურ მახაური ჩეჩნურ კრიმინალურ დაჟგუფებებთან კავშირში იყო შემჩნეული, მის მკვლელობაშიც სწორედ ჩეჩნური კლანის შურისძიებას უკავშირებენ. მახაური კიევში 2017 წლის იანვარშიც დააკავეს. ის შეიარაღებული იყო და უკრაინის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქის პასპორტითა და ქართული სახელმწიფო ნომრების მქონე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.
"ზონა", იგივე რუსლან პაპასქირი, იგივე თემურ მახაური, იგივე ჩეჩენი ალი დაბუევი კიდევ უფრო ადრე, 2012 წლის შემოდგომაზე, თურქეთში დააკავეს, კავკასიის საემიროს წარმომადგენლის მუსა ატაევის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით.
პროცესის მსვლელობის დროს გაირკვა, რომ "ზონა" რუსეთის ФСБ-ზე, კილერის ფუნქციით მუშაობს. თურქული პრესა ასევე, წერდა, რომ "ზონა" მიხეილ სააკაშვილისდროინდელი საქართველოს სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირია.
2012 წელს დაკავებული "ზონა" თურქეთის სასამართლომ 2015 წელს გაათავისუფლა. როგორც თურქული პრესა წერდა, მისი გათავისუფლების უკან ფეთჰულა გიულენის ჯგუფი იდგა. გათავისუფლების შემდეგ "ზონამ" უკრაინაში გადაინაცვლა, სადაც ჩეჩნებით დაკომპლექტებულ ბატალიონში მზვერავად ჩაეწერა.