-
2017-08-29 13:33
ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სიახლოვეს ახალი სამონასტრო კომპლექსი შენდება და კომპლექსში რუსული სტილის ეკლესიაც შედის. ნიკა ვაჩეიშვილი წერს, რომ ყინწვისში არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლა. მის სტატუსს ისტორიის დოქტორანტისა და თეოლოგიის მაგისტრის ლაშა დეისაძე-შარვაშიძის შეპასუხება მოჰყვა.
ნიკა ვაჩეიშვილი წერს:
"ვიყავი ყინწვისში, გაჩაღებულია მშენებლობა მონასტრის გარშემო, ისე, რომ წმ. ნიკოლოზის ულამაზეს ეკლესიას თავზე ადგამენ უშველებელ, საეჭვო ღირებულების, რუსული სილუეტის მრავალგუმბათიან კომპლექსს, აგრესიულს და უსაშველოდ დიდს. ძველი მონასტრის ეზოში ხომ ახალი, ტორტივით გაფორმებული შეუსაბამო ტაძარია ჩაკვეხებული.
სადაა მოწიწება, სადაა წინაპართა პატივისცემა, სადაა სილამაზის დანახვის უნარი. სიბრმავე და თვითნებობა მეფობს" - და ფოტოსაც აქვეყნებს:
"ეს ეხება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროს, ეგებ გარემოს დაცვასაც - ამოღრუტნულია ტყე...", - წერს ნიკა ვაჩეიშვილი.
რამდენიმე წუთში ნიკა ვაჩეიშვილს ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ უპასუხა და დაწერა, რომ ახალი კომპლექსის მშენებლობა არა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის თავზე, არამედ მისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მიმდინარეობს:
"წმ. ნიკოლოზის ულამაზეს ეკლესიას თავზე ადგამენ უშველებელ, საეჭვო ღირებულების, რუსული სილუეტის მრავალგუმბათიან კომპლექსს" - თავზე ადგამენ ნიშნავს, რომ ტაძარს აშენებენ ზემოდან. ძალიან არასწორად გამოხატეთ ვითარება, ბატონო ნიკოლოზ!
თქვენს მიერ ხსენებული სამონასტრო კომპლექსი (კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის) შენდება ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრიდან აბსოლუტურად სხვა მხარეს, რამდენიმე ასეული მეტრის (შესაძლოა 1 კმ.) დაშორებით, ის წარმოადგენს სხვა მონასტერს და არანაირ შემხებლობაშია ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახ. მამათა მონასტერთან.". - წერს დეისაძე-შარვაშიძე, მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კი მშენებარე სამონასტრო კომპლექსია გამოსახული (სტატიის მთავარი ფოტო).