
"ფეისბუქზე" წაღვერში, მთის ფერდობზე, ხანძრის პირველი, მცირე კერის ამსახველი ვიდეო ვრცელდება, რომელიც, აღწერილობის მიხედვით, 20 აგვისტოს ბავშვებმა გადაიღეს და 112-ს შეატყობინეს.
"შევამჩნიეთ ბოლი და დავრეკეთ 112-ში, სავარაუდოდა, მალე მოვლენ ვერტმფრენები", - ისმის ვიდეოში გოგონას ხმა, რომელიც კადრებს იღებს. კადრები სავარაუდოდ, წაღვერიდანაა გადაღებული და ის ფერდობი ჩანს, სადაც ცეცხლის პირველი კერა გაჩნდა.
მანამდე ცეცხლის ლოკალიზება ფერდობზე ასულმა ადგილობრივებმაც სცადეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მათი თქმით, როცა კერამდე მიაღწიეს, ცეცხლი უკვე გაღვივებული იყო.
შეგახსენებთ, ცეცხლი თავდაპირველად 500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო, თუმცა, მალევე ხანძარი გაძლიერდა და 25 აგვისტოს მონაცემებით, 100 ჰექტარზე მეტ ფართობზე გავრცელდა.
ამ კადრების გადაღების შემდეგ, რამდენიმე საათში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ბორჯომში მართლაც ჩაფრინდა და ცეცხლის ჩაქრობა დაიწყო. ეს ვერტმფრენი ერთადერთი იყო სტიქიის ზონაში ხანძრის გაჩენის პირველ და მეორე დღეებში.