-
2017-07-30 05:03
გორის რაიონის სოფელ ყარაფილას გადასახვევთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, საიდანაც საოკუპაციო ბანერამდე დაახლოებით 400 მეტრია, აქცია "ფრთხილად, ოკუპანტი!" 29 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.
აქცია-პერფორმანსის მიზანი ოკუპაციის მასშტაბების შესახებ იმ მოქალაქეების ინფორმირებაა, რომლებიც მაგისტრალზე გადაადგილდებიან. ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია", რომლის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ის ბედნიერია იმ რეაქციის გამო, რასაც აქციის მიმდინარეობისას ადევნებს თვალს:
"მე კმაყოფილი კი არა, ბედნიერი ვარ. ჩვენ არ დავიღლებით, აქ ვიდგებით მანამ, სანამ რუს ოკუპანტებს არ განვდევნით საქართველოდან", - ამბობს ის.
აქციის ერთერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ამბობს, რომ ანტიოკუპაციურ სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობა ყველა მოქალაქის ვალია, მიუხედავად პროფესიისა და პოლიტიკური პლატფორმისა. ის აქციაში მონაწილეობისთვის ნებისმიერ მოქალაქეს ეპატიჟება:
"არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ხართ, რა პროფესია გაქვთ, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, რადგან ოკუპაცია ყველაფერს ჩამოგვაწერს, ოკუპაცია ეხება ყველას. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, შემოგვიერთდეს თუნდაც რამდენიმე წუთით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია".
მისივე თქმით, ამ აქციის დანიშნულება ხალხმრავლობა არ არის, თუმცა "ძალა ერთობაშია" 8 აგვისტოს მრავალრიცხოვან ცოცხალ ჯაჭვს აანონსებს.
პარალელურად, ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე 25 ივლისს დაწყებული სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია მიმდინარეობს.









