
"რუსთავი-2"-ის შენობაში 26 ივლისს, საღამოს, ხანძარი გაჩნდა. ხანძარი თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და 112-თან დაკავშირების შემდეგ, ტექნიკის გატანა ალმოდებული შენობიდან თავად დაიწყეს. მაშველები ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ.
"...შეტყობინების მიღებიდან 7 წუთში, რუსთავი 2-ის შენობასთან მოხდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მობილიზება, მათ შორის - 5 ცისტერნის. ტელევიზიის საწყობში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად შეძლეს.
მათი დაუყოვნებლივი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, 300-400 კვ/მ ფართობის მქონე საწყობში ცეცხლი მხოლოდ 40 კვ/მ-დე გავრცელდა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.
ამავე უწყების განცხადებით, ხანძრის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ტელეკომპანიის თანამშრომლის, გიორგი ლაფერაშვილის თქმით, შენობის იმ ნაწილში სადაც ხანძარი გაჩნდა, თანამშრომლები აღარ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, არსებობს გარკვეული ეჭვები, რომლის გახმაურებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ.
გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამს ტელეკომპანიის დირექტორიც, ნიკა გვარამია. ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
"ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც მეუბნებიან (ამერიკაში ვარ), ერთი შეხედვით ზიანი დიდი არაა. თუმცა ხანძრის კერა სწორედ იქაა, სადაც ყველაზე მეტი საკომუნიკაციო კვანძია. ხვალ გვეცოდინება, რამდენად სერიოზულია ზიანი.
ps პირდაპირი ეთერი არ შეწყდა, რადგან ეთერი დელისის შენობიდან იმართება.
pps გამორიცხულია, მე ქვეყნიდან გავიდე და რ2ის თავს რამე არ მოხდეს - სარჩელი, ყადაღა, ინკასო... ახლა უკვე ხანძარი...", - წერს ნიკა გვარამია.