ევრომაიდნის ექიმი-ვოლონტერი ლუდმილა, რომელიც LB.ua-მ ევრომაიდანზე ჩაწერა, ჰყვება, რომ კიევში დაღუპულთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალურ ცნობებში სახელდება.
„15 მიცვალებულს პირადად დავუხუჭე თვალი, 22 ცხედარი კი გრუშევსკიზე დავთვალე. ეს იმას ნიშნავს, რომ, მინიმუმ, 37 ადამიანია დაღუპული, ხოლო თუ ამათ მივამატებთ უშუალოდ ევრომაიდნის შტურმის დროს დაღუპულებს, გამოდის, რომ მხოლოდ ევრომაიდნის აქტივისტებიდან 42 ადამიანი დაიღუპა“, - ამბობს ლუდმილა.
მან მხოლოდ ორი გარდაცვლილის სახელი იცის, ორივე მოხუცია: ვასილი ხმელნიცკის ოლქიდან და ეფროსინე ტერნოპოლიდან: „ეფროსინემ თავად მთხოვა, მისთვის თვალი დამეხუჭა, ასე მითხრა, ვკვდებიო“, - იხსენებს ლუდმილა.
ექიმი-ვოლონტერი ამბობს, რომ სიკვდილის მიზეზი, ძირითადად, უმოწყალოდ ცემა ხდებოდა. მისი თქმით, რამდენიმე ადამიანი, უბრალოდ, გადათელეს. ლუდმილა იხსენებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებიც იყო, მაგრამ ადამიანები კვდებოდნენ არა ჭრილობებისგან, არამედ დაუნდობელი ცემისგან მიღებული მოტეხილობებითა და დაზიანებებით.
„ბერკუტმა“ ლუდმილაც სცემა - როცა ის ცდილობდა, ერთერთი სპეცრაზმელის ხელებისგან დაეხსნა საშუალო ასაკს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც სპეცრაზმელი დაუნდობლად ურტყამდა იმის მიუხედავად, რომ ის უკვე წაქცეული იყო.