
ქაშუეთის ტაძარში დასრულდა ავღანეთში 13 მაისს დაღუპული ქართველი სამხედროების პანაშვიდი. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ როგორც დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები, ჭირისუფლები და რიგითი მოქალაქეები, ასევე მთავრობის მეთაური, თავდაცვის მინისტრი, უწყების სხვა წარმომადგენლები და შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
ტაძრის შესასვლელებთან სამხედროებს გაკეთებული ჰქონდათ დერეფანი და ხელში საქართველოს დაშვებული დროშები ეჭირათ.
ტაძარი უკომენტაროდ დატოვა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც იქ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ამასთან, ქაშუეთის ტაძარში მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი:
„ქართული საზოგადოება გმირი სამხედროების ხსოვნას ყოველთვის შეინახავს, - ამის შესახებ ქაშვეთის ეკლესიასთან ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგია ბოკერიამ განუცხადა. უშიშროების საბჭოს მდივანმა პატივი მიაგო ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა:
"ქართველმა გმირებმა საქართველოს მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალს შესწირეს თავი, ამიტომ ჩვენი საზოგადოება მათ ხსოვნას ყოველთვის შეინახავს", – აღნიშნა გიგა ბოკერიამ. ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმაც მიუსამძიმრა. პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდა გიგი უგულავა.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განუცხადა, თბილისის მერი დაღუპულთა ოჯახებს 10-10 ათასი ლარით დაეხმარება. ქაცარავამ ქაშვეთის ეკლესიაში პატივი მიაგო დაღუპული სამხედროების ხსოვნას და აღნიშნა, რომ მათ თავი გასწირეს მსოფლიოში მშვიდობისთვის. "უპირველესი ამოცანა ახლა უნდა იყოს მათი ოჯახების დახმარება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმაროთ გმირი სამხედროების ოჯახებს. ამისთვის თბილისის მერმა თავისი სარეზერვო ფონდიდან გამოყო თანხა და თითოეულ ოჯახს 10-10 ათასი ლარი გადაეცემა", - აღნიშნა ქაცარავამ.
დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც. შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ბრიჯიტ ბრიკის განცხადებით, ამერიკა უთანაგრძნობს დაღუპული ქართველი გმირების ოჯახებს და მთელ საქართველოს. "მათ თავი შესწირეს მშვიდობასა და სტაბილურობას ავღანეთში", - აღნიშნა ბრიჯიტ ბრიკმა. აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჰარტმანმა განაცხადა, ამერიკელი სამხედროებისთვის ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლა საამაყოა. "ვიზიარებ ქართველი გმირი ჯარისკაცების დაღუპვით გამოწვეულ მწუხარებას და გისამძიმრებთ ამერიკის შეიარაღებული ძალების სახელით", - აღნიშნა პოლკოვნიკმა.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ ავღანეთში, ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო პირები თავიანთ სახლებში გადაასვენეს.
რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახური