
ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთ სკანდალურ დეტალს ასაჯაროებს: მისი თქმით, გამოძიება დაინტერესებული იყო, პირადი ფირების თემა უკრაინაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისკენ წაეყვანათ.
"ირაკლი ფხალაძეს პირადი ჩხრეკისას ინგა ჩატოიანის მიერ მის ლეპტოპში ჩაწერილი ფირი ამოუღეს და ორი სიმ ბარათი ჩაუდეს: ერთი უკრაინული, მეორე რუსული. გამოძიების ამოცანა იყო პირადი ფირების თემა ყოფილი ხელისუფლების უკრაინაში მყოფი მაღალჩინოსნებისკენ წაეყვანათ. ვასილ ჯამალაშვილის მამაც მხოლოდ ამიტომაა დაკავებული.
ზურაბ ჯამალაშვილს ეუბნებოდნენ - ელისო კილაძის გასაჩუმებლადაა საჭირო შენი დაჭერაო, არადა არ ვიცნობ. ფირი ღურწკაიამ მოიტანა ჩემთან. ღურწკაია ხაჭაპურიძემ მოიყვანა ოფისთან საკუთარი ავტომობილით", - წერს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, დღეს ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. ერთ-ერთი ბრალდებულის ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების მცდელობისთვის, სამ ბრალდებულთან საპროცესო გარიგება გაფორმდეს.
იმავდროულად აცხადებს, რომ პროკურატურა მორალური წნეხის გამოყენებით, საპროცესო გარიგებაზე ჯამალაშვილის დათანხმებასაც ცდილობდა. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურას არ აქვს მასალები, რის საფუძველზეც შეიძლება ისინი გასამართლდნენ და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.