მას შემდეგ, რაც მანქანიდან დაინახა, როგორ სასტიკად უსწორდებოდა მამაკაცი 2 წლის გოგონას მოტელთან ახლოს, დონ გილბერტმა მანქანა გააჩერა, იქედან ბეისბოლის ბიტა გადმოიღო და ბავშვზე მოძალადეს გაუსწორდა. მოძალადე გოგონას მამა აღმოჩნდა. შემთხვევა კანადაში, ვანკუვერთან ახლოს მდებარე მოტელთან მოხდა.
როგორც გამოძიების მასალებით ირკვევა, 32 წლის კაილ სტივენი ორი წლის ქალიშვილს საძინებელ ოთახში შეუვარდა მაშინ, როცა იქ დედა-შვილს ეძინა. მამამ შვილი ჯერ მოტელის ფანჯრიდან გარეთ გადააგდო, ხოლო სანამ დედა გონს მოვიდოდა, მოასწრო ეზოში გავარდნილიყო, ბავშვი რამდენჯერმე აეყვანა და დაენარცხებინა ასფალტზე, ხოლო შემდეგ თავში ფეხები დაეშინა.
სწორედ ამ დროს, ძალადობის ეს სცენა შემთხვევითმა გამვლელმა დაინახა და დაუფიქრებლად გაეშურა გოგონას საშველად. მან თავდაპირველად მამაკაცს ზურგიდან რამდენჯერმე ჩაარტყა ბიტა ფეხებში, ხოლო მას შემდეგ, რაც მოძალადე მამამ ბავშვს ხელი სტაცა და გაიქცა, დაეწია მას და თავში სამჯერ ჩაარტყა ბიტა. კაილ სტივენმა გონება დაკარგა, თუმცა, გადარჩა. ის დააპატიმრეს, ხოლო გოგონა ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
სასამართლოზე სტივენმა განაცხადა, რომ მას არ სურდა, შვილისთვის ზიანი მიეყენებინა, მაგრამ "ბოროტი ხმები" ჩასძახოდნენ, რომ მისთვის თავის ქალა უნდა გაეტეხა. სტივენი ოფიციალურად აღიარეს ფსიქიკურად დაავადებულ პირად მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა ჩაუტარდა.
რაც შეეხება მამაკაცს, რომელმაც პატარა გოგონას სიცოცხლე იხსნა, იმის მიუხედავად, რომ ვანკუვერში ბეისბოლის ბიტის გამოყენება თავდასხმის იარაღად ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არც აპირებენ. თავად დონ გილბერტი ამბობს, რომ თავის საქციელს არ ნანობს.