„ლუსტრაციის შესახებ“ კანონის მიღებიდან ორი წლის თავზე უკრაინის უშიშროების სამსახური მზადაა, თავისი უწყების არქივი გაასაჯაროოს. ლუსტრაციის პროცესი უკრაინაში ორი წლის წინ, კანონის მიღების შემდეგ დაიწყო.
„ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ არქივი და საზოგადოებას გავაგებინოთ, ვინ იყვნენ სუკ-ის აგენტები“, - თქვა 2014 წელს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწემ მარკიან ლუბკოვსკიმ. ამასთან, ლუბკოვსკის არქივის გახსნის თარიღი არ დაუკონკრეტებია.
მანამდე იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა პეტრენკომ განაცხადა, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონის თანახმად დაიწყებოდა იმ მოქალაქეების შემოწმება, რომლებიც კანონის მოქმედების ვადებში თავსდებოდნენ: „აზრი არა აქვს იმ ადამიანების შემოწმებას, რომლებიც 1977 წლის შემდეგ დაიბადნენ, ანუ, 14 წლის და ნაკლების იყვნენ, როცა უკრაინამ დამოუკიდებლობა მიიღო“, - თქვა პეტრენკომ.
როგორც ცნობილია, კანონი ლუსტრაციის შესახებ უკრაინაში 2014 წლის 16 ოქტომბერს მიიღეს. კანონი შეეხება ყველა ჩინოვნიკს, თუკი ისინი არჩეული იყვნენ ან მუშაობდნენ მაღალ თანამდებობაზე სსრ კავშირის კომუნისტურ პარტიაში ან კომკავშირში; თუკი იყვნენ სსრკ-ს სუკ-ის შტატიანი თანამშრომლები ან საიდუმლო, გადაბირებული აგენტები.
კანონის მიღების შემდეგ უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ლუსტრაციის პროცესი ეტაპებად დაიყოფოდა და ორ წელს გაგრძელდებოდა.