გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართველი ჯარისკაცი ჰყვება, რა მოხდა სინამდვილეში ცენტრალურ აფრიკაში, სადაც სამშვიდობო მისიით ქართველებიც იმყოფებოდნენ.
"ბანგიში, ქართული კონტიგენტის დისლოკაციის ადგილს ლტოლვილთა ბანაკი ესაზღვრება, სადაც ადგილობრივი ბანდიტური დაფჯგუფებებისგან გაღატაკებულ-დაბეჩავებული ხალხი ბარაკებში ცხოვრობს.
იმდენად უჭირთ, რომ ფულის საშოვნელად ყველაფერს კადრულობენ, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართველი ჯარისკაცი აცხადებს, რომელიც 2014 წელს ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა.
ქართველი სამხედრო კონკრეტულ მაგალითებსაც იხსენებს და ყვება, როგორ სცადა ერთ-ერთმა ქალმა ფულის გამოძალვის სანაცვლოდ მათი დაშანტაჟება.
"მაგალითად, ბანაკის და ქალაქის დამაკავშირებელ გზაზე მიმავალმა მძღოლებმა იციან, თუ ფრთხილად არ იქნებიან, შესაძლოა მათი მანქანის საბურავქვეშ ლტოლვილი აღმოჩნდეს – გაჭირვებულები რისკზე მიდიან და გამიზნულად უვარდებიან ავტომობილს იმ იმედით, რომ მსუბუქად დაშავდებიან და სანაცვლოდ დიდ ფულს მიიღებენ. ხშირია წყლისა და საკვების ნაცვლად სექსმომსახურების შეთავაზებაც.
მშიერ-მწყურვალი და უკიდურესაც მძიმე პირობებში მყოფი ხალხი გროშების სანაცვლოდ მზად არის უკადრებელი იკადროს... ერთხელ, სწორედ ჩვენ თვალწინ ერთ ქალს ვითომ გული შეუწუხდა. მაშინვე დასახმარებლად შევცვივდით. ქალმა კი მადლობის ნაცვლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მომცემთ, ვიტყვი, რომ გამაუპატიურეთო. არაფერიც არ მივეცით. ქალი წამოხტა და გაიქცა, მალე კი პოლიციასთან ერთად დაბრუნდა...
აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო პოლიცია უკან გაბრუნდა... ამ შემთხვევის შემდეგ კატეგორიულად აგვიკრძალეს ადგილობრივებთან ურთიერთობა – რაც არ უნდა მოიმოქმედონ, ახლოს არ გაეკაროთო. თუმცა ბავშვების თხოვნას ვერ ვუყრუებდით, სასმელსა და საჭმელს მაინც ვუნაწილებდით. ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით უხაროდა ჩვენი დანახვა, გვეძახდნენ – "გუდ ჯორჯიან". არადა, წარმოდგენაც კი არ აქვთ, სად მდებარეობს საქართველო", - ჰყვება ქართველი სამხედრო.