ზოგი ჭირი მარგებელია, ანუ პრინციპი "თავად ხარ სულელი" უკრაინის პოლიტიკაში

Image

ზოგი ჭირი მარგებელია. ეს ძველებური ანდაზა ზუსტად მიესადაგება იმ ისტორიას, რაც ახლახან მოხდა - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს შეეჯახნენ თათბირზე პოროშენკოსთან.

 

ავაქოვმა წყლიანი ჭიქაც კი ესროლა სააკაშვილს, თუმცა დაზარალებული, რომელსაც წყალი შეესხა, იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი - აქვე აღვნიშნავ, რომ იგი წინა კვირის ერთ-ერთი მთავარი გმირია:

 

რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2016 წელს უკრაინა მიიღებს უვიზო რეჟიმს. ბრიუსელსა და კიევს შორის ამ თემაზე მოლაპარაკებებში, ცხადია, დიდი როლი ითამაშა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

და მინისტრის დასველებული კოსტუმი არ ამცირებს ამ ფაქტის მნიშვნელობას. სასიამოვნო სიახლემ ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რისიც ბევრს აღარ სჯეროდა, ცოტათი მაინც გააუმჯობესა პოლიტიკურად შეშფოთებული უკრაინელების განწყობა წლის ბოლოსათვის.

 

მთელი წლის განმავლობაში საზოგადოებაში გროვდებოდა გულგატეხილობა და გაღიზიანებაც კი რეფორმების განხორციელების დაბალი ტემპით და რაც მთავარია - ხელისუფლების აშკარა უუნარობის გამო, გადაეჭრა დაგროვილი პრობლემები, რომელთაგან უპირველესია კორუფცია. სწორედ კორუფციის თემა ამოსწია ამ ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც აშკარად გადაწყვიტა, თავით გადაეშვას უკრაინის პოლიტიკაში და უფრო ხშირად აგრძნობინებს ყველას, რომ გადაწყვეტილი აქვს იბრძოლოს ხელისუფლებისათვის თავის ახალ სამშობლოში.

 

ის პირდაპირ ადანაშაულებს კორუფციაში მთავრობის ხელმძღვანელებს, კერძოდ, პრემიერ იაცენიუკსა და მის უახლოეს გარემოცვას. თუ დავუშვებთ კიდეც, რომ მცირე სიმართლე იმათ მხარესაცაა, ვინც ამტკიცებს: სააკაშვილის ბრალდებები პოპულისტურია - ისინი ფაქტებით, დოკუმენტებით და ა.შ. არაა გამაგრებულიო, მაინც შეუძლებელია არ დავინახოთ, რომ უკრაინის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ და წერენ კორუფციის შესახებ სახელმწიფო კორპორაციებში, ხელისუფლების მაღალ წრეებსა და პარლამენტის დეპუტატების რიგებში.

 

შემხვედრი ბრალდებები, რომლითაც სააკაშვილს მისი ოპონენტები უტევენ, ჯერჯერობით სავსებით არადამაჯერებელია, რადგანაც ისინი უფრო უსაფუძვლოა და აგებულია ბანალური პრინციპის - "თვითონა ხარ სულელი"-ის მიხედვით. როგორც ახლახანს სამართლიანად შენიშნა კიევის ყოველკვირეულმა გამოცემამ "Новое время"-მ, ვლადიმირ პუტინს ისე ეზიზღება სააკაშვილი (ამის კიდევ ერთი დასტურია კრემლის ბოლოდროინდელ პრეს-კონფერენციაზე მისი შხამიანი პასაჟი სააკაშვილის მისამართით), რომ რუსული სპეცსამსახურები, ცხადია, მასზე უამრავ კომპრომატს გამოაქვეყნებდნენ, მართლაც რომ არსებობდეს ასეთი მასალა.

 

მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, მათ ვერაფერი იპოვეს. რაც შეეხება ავაკოვისა და სააკაშვილის სახალხო დაპირისპირებას, ცხადია, ამ ფაქტმა უკრაინის საზოგადოების შეგნებული ნაწილი ძალიან შეაწუხა. მით უმეტეს, რომ მასში ძალიან ულამაზოდ ჩაერთო პრემიერი იაცენიუკი - მან გადმოანთხია ქსენოფობიის დამალული მარაგი და სააკაშვილს "გასტროლიორი" უწოდა და პირში მიახალა:" ჩვენს ქვეყანაში საქმის საკეთებლად მოგიწვიეთ და არა - პოლიტიკური თაღლითობისათვის!".

 

როდესაც პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე თუ ჟურნალისტი თავხედურად იქცევა, სახალხოდ ამჟღავნებს სიძულვილს უცხოელების მიმართ, შეურაცხყოფს მათ, მოითხოვს, რომ "ჩამოთრეულებმა" ქვეყანა დატოვონ - ეს, რა თქმა უნდა, დასანანია. ეს ნამდვილად არ ამშვენებს უკრაინის პოლიტიკურ კლასს - და მე ამ შემთხვევაში მესმის უკრაინელი მეგობრებისა და კოლეგების, რომლებსაც ზოგჯერ ძალიან რცხვენიათ ამის გამო.

 

მათ უნდათ, რომ ელიტა ელიტასავით გამოიყურებოდეს - იყოს მოწესრიგებული, კეთილშობილი, რესპექტაბელური. მაგრამ ისევ გავიმეორებ: ზოგი ჭირი მარგებელია. ახლახანს მთელი მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები შემოიარა სცენამ უკრაინის პარლამენტში, როდესაც ერთ-ერთ დეპუტატს სურდა იაცენიუკის მოხსენების ჩაშლა, ხელში აიყვანა და მისი გაყვანა უნდოდა, იაცენიუკი კი ტრიბუნას ჩაეჭიდა და თან ბუკეტს არ უშვებდა ხელიდან. ამ ექსტრემალური სიტუაციის დროს იაცენიუკმა თავისი ქცევით სრულად მოახდინა თავისი რეაბილიტაცია რუსეთის სამართალდამცავთა ბრალდებებისაგან, რომ თითქოს 90-იან წლებში ე.წ. ჩეჩნეთის პირველ ომში იაცენიუკი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. ალბათ, დამეთანხმებით, ეს რომ სიმართლე იყოს, იაცენიუკი თავისი მოწინააღმდეგისაგან კვალსაც კი არ დატოვებდა. ხუმრობას შევეშვათ.

 

ახლა სერიოზულად ვიტყვი, რომ ასე უკეთესიცაა, როცა პოლიტიკოსები სახალხოდ დაობენ და არა - სადღაც კულუარებში, რომ ამ დავისა და ჩხუბის ჩანაწერები ინტერნეტში ქვეყნდება. ჩემის აზრით, ეს სასარგებლოც კია საზოგადოებისთვის, რომ პოლიტიკოსები მოქალაქეებს საბაბს აძლევენ, რომ მათ დასცინონ, დარწმუნდნენ, რომ ისინი მითიური რაინდები კი არა, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება სასაცილოდ და ბრიყვულადაც კი გამოიყურებოდნენ.

 

მხიარული, ტემპერამენტული, საკარნავალო საწყისი უკრაინულ პოლიტიკაში მადლობა ღმერთს, ყოველთვის იყო. და, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლოა. უკრაინული პოლიტიკა ნამდვილია. ქვეყანაში გრძელდება რეალური პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური ბრძოლა. და, სხვათაშორის, ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილს, ნამდვილ პოლიტიკოსსა და მებრძოლს, გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

 

მით უმეტეს, თუ მის დიდ პოპულარობას გავითვალისწინებთ. განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, ვინმეს აზრად თუ მოუვა მისი ოპოზიციაში გადანაცვლება, მიშა დაგვანახებს თავის ძალას. სიჩუმე და სიმშვიდე კი მხოლოდ სასაფლაოზეა, ან რუსეთის სახელმწიფო დუმაში, რომელშიც უკვე ათი წელია, დისკუსიების ადგილი აღარაა.

 

ევგენი კისელიოვი, uainfo.org

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !