-
2015-12-04 10:57
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბენზინმზიდების ფოტოები, რომლებიც უწყებამ თურქეთისა და ISIS-ის კავშირების დამადასტურებელ ფაქტებად დაასახელა, სინამდვილეში, ერაყელი ქურთების კუთვნილი აღმოჩნდა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი არა აქვს.
ამის შესახებ ერაყის ქურთისტანის პარლამენტის ენერგეტიკული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შერკო ჯავდატმა განაცხადა. მან განმარტა, რომ ბენზინმზიდებს, რომელთა ფოტოები რუსეთის თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა, ნავთობი ერაყის ქურთისტანიდან თურქულ ტერმინალში, ჯეიჰანში მიაქვთ:
„ჩვენმა ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ასობით ბენზინმზიდს ნავთობი ქურთისტანიდან თურქეთში გადააქვს. ამაში საიდუმლო არაფერია“, - დაამატა მან.
ჯავდატის განცხადებით, ის მტკიცებულებები, რაც რუსეთმა წარმოადგინა, არასწორი წყაროდანაა მიღებული. მისივე თქმით, ქურთი მოხალისეები სწორედ ის მთავარი ძალაა, რომლებიც თავდაუზოგავად ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“, ასევე, მისი თქმით, რუსული სანავთობო კომპანიები აქტიურად მუშაობენ ქურთისტანში:
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ხელახლა შეისწავლის ინფორმაციას ამ საკითხთან (ISIS-თან თურქეთის ვაჭრობის) დაკავშირებით“, - აცხადებს ჯავდატი.