შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის და, მარიამ ჭიკაიძე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში (112) დირექტორის მოადგილედ მუშაობს.
როგორც ცნობილია, 112, როგორც ერთიანი ცენტრი საქართველოში 2012 წელს შეიქმნა, მარიამ ჭიკაიძე კი იქ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასაქმდა.
"112“ არის ერთიანი, 24–საათიანი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, რომელიც გადაუდებელი დახმარების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოდან ერთიანი სატელეფონო ნომრის 1–1–2 საშუალებით.
2012 წლის 27 დეკემბერს, შსს სსიპ - „112“-ს საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეწვია, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ 112–ში ამჟამინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეც იმყოფებოდა და თანამშრომლები დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის შესახებ შსს–ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში თავად მარიამ ჭიკაიძე, სავარაუდოდ, არ გამოჩენილა. მან ფოტო მეუღლესთან ერთად, მოგვიანებით გადაიღო. იმავე დღეს მარიამ ჭიკაიძე სხვა თანამშრომლებთან ერთად კოპრპორატიულ ვახშამზეც იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ერთადერთი მინისტრი არ არის, ვისი დაც სახელმწიფო დაწესებულებაშია დასაქმებული. ცოტა ხნის წინ „აფხაზეთის ხმამ“ გამოაქვეყნა ბრძანებულების ფოტოასლები, რითაც დასტურდება, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მუნიციპალური განვითარების ფონდშია დასაქმებული.