-
2015-09-20 23:48
"პრაიმ კრაიმი" "ქურდული სამყაროს" სტატისტიკას აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რამდენი ე.წ. "კანონიერი ქურდია" ამ დროისთვის მსოფლიოში, მათგან რამდენია გისოსებს მიღმა და როგორია მათი ეთნიკური შემადგენლობა.
გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით სულ 485 "კანონიერი ქურდია", თუმცა, ეს მონაცემი მაინც პირობითია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დროს "კანონიერი ქურდების" აღქმა სულ უფრო და უფრო ინდივიდუალური ხდება და ერთი ჯგუფის მიერ "მონათლულ" ქურდს სხვა, მასთან დაპირისპირებული კლანი "ქურდად" არ აღიარებს.
ამ 485-დან ციხეში სულ 118 "ქურდია". აქედან 37-ის მიმართ ჯერ განაჩენი არ დამდგარა. თავისუფლებაზე მყოფი 367 "კანონიერი ქურდიდან" 14 საერთაშორისო ძებნილია.
"ქურდების" 47%-ის ასაკობრივი ზღვარი 35-დან 49 წლამდეა. 40%-ს შეადგენენ ისინი, ვინც ექვს და შვიდ ათეულ წელს გადააბიჯეს. ისინი, ვისაც ჯერ 35 წლამდე არ მიუღწევია, სულ 68 კაცია. მათგან ყველაზე უმცროსი 22 წლის რევაზ უბილავაა, იგივე "რეზო ჯვარსკი". 70-იანი წლებიდან აშშ-ში ცხოვრობს 88 წლის "კანონიერი ქურდი" "ბორია უშატი". მისი ტოლია ქუთაისელი კუკურა ზედაშიძე, რომელიც, საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ისევ "კანონიერ ქურდად" ითვლება, თუმცა არსებობს მისი სატელევიზიო გამოსვლა, სადაც ის "ქურდულ სამყაროსთან" და ყველანაირ ტიტულთან კავშირს უარყოფს.
"ქურდების" 57%, ანუ 276 კაცი - ეთნიკურად ქართველია. როგორც ქართველებისთვისაა დამახასიათებელი, მათ ერთმანეთთან ნათესაოური კავშირი აქვთ, ძალიან ხშირია ძმების "ქურდად" ყოფნის ფაქტებიც, მაგალითად, "კანონიერი ქურდები" არიან ძმები შემდეგი გვარებიდან: თვალჭრელიძე, შუშანაშვილი, გოგოლაძე, მიქელაძე, ჯაფიაშვილი, პაპიაშვილი და ქარდავა.
აღსანოიშნავია, რომ "პრაიმ-კრაიმი", ჩამოთვლის რა საქართველოს ქალაქებს, საიდანაც, ძირითადად, არიან ქართველი ეროვნების "კანონიერები", თბილისსა და ქუთაისს შორის სოხუმსაც ახსენებს, თანაც, იყენებს რუსულში დამკვიდრებულ მის ქართულ ტოპონიმიკას "სუხუმი", თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქვეყნების ჩამონათვალში ამ გამოცემას აფხაზეთი მაინც ცალკე ქვეყნად აქვს მითითებული.
გამოცემა წერს, რომ ეროვნული ნიშნით მეორე ადგილზე რუსები არიან - "სულ 61 რუსი, რომლებიც, სხვათა შორის, "ქურდის" ტიტულს სწორედ ქართველებს უნდა უმადლოდნენ", - წერს "პრაიმ კრაიმი".
სომეხი ეროვნების "კანონიერი ქურდები" ამ კატეგორიაში მესამე არიან, ხოლო მეოთხე ადგილს არა აზერბაიჯანელები, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ იეზიდები იკავებენ. სწორედ იეზიდები მართავენ რუსულ კრიმინალურ სამყაროს და როგორც გამოცემა წერს, არცერთ სხვა ერს არ "მიუცია" "ქურდული სამყაროსთვის" ერთდროულად ოთხი ერთი და იგივე გვარის "ქურდი" (ოზმანოვი) და სამი კალაშიანი (კალაშოვი).