-
2014-02-11 21:32
„აფხაზეთის ხმამ“ მოიპოვა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ხელმოწერილი სამი ბრძანება, რომელთაგან ორი პირდაპირ, ერთი კი, სავარაუდოდ და არაპირდაპირ უკავშირდება პრემიერმინისტრის დას.
ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ბრძანებების დალაგება ასეთ სურათს იძლევა:
2013 წლის 26 ნოემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამტკიცებს ბრძანებას ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების წესის შესახებ, ანუ, იქცევა ისე, როგორც კანონი ავალდებულებს: ფონდში კონკურსის გარეშე თანამშრომელთა დანიშვნა ამა თუ იმ თანამდებობაზე დაუშვებელია.
მაგრამ საინტერესოა, რომ ამ დროისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდში უკვე მუშაობს თეა ღარიბაშვილი – პრემიერმინისტრის და.
ის, რომ თეა ღარიბაშვილი ნამდვილად იყო ფონდის შტატიანი თანამშრომელი, უკვე 2013 წლის 11 დეკემბერს გამოცემული ბრძანებითაც დასტურდება. მასში გაცემულია ბრძანება, რომ შრომითი ურთიერთობა შეუწყდეს პროექტების ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტის პროექტების ანალიზის სამმართველოს უფროს სპეციალისტს თეა ღარიბაშვილს.
საგულისხმოა, რომ თეა ღარიბაშვილს შრომითი ურთიერთობა ფონდმა 11 დეკემბერს შეუწყვიტა, მაგრამ იმავე დღეს უკვე სხვა ბრძანება გამოსცა: თეა ღარიბაშვილის გადაყვანაზე შტატგარეშე თანამშრომლად, მასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და თანამდებობრივ სარგოს 2. 100 ლარის განსაზღვრის თაობაზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ კონკურსის გავლა არ არის სავალდებულო შტატგარეშე თანამშრომლისთვის, ხოლო თეა ღარიბაშვილი ერთადერთი იყო, ვინც შტატიანი თანამშრომლიდან შტატგარეშე თანამშრომლად გადაიყვანეს, რაც ბადებს ეჭვს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ასე მოიქცა მხოლოდ იმის გამო, რათა პრემიერმინისტრის დისთვის კონკურსში მონაწილეობა არ გამხდარიყო აუცილებელი.
თეა ღარიბაშვილი ამ დრომდე მუშაობს მუნიციპალური განვითარების ფონდში ხელშეკრულების საფუძველზე, შტატგარეშე თანამშრომლად და, შესაბამისად, იღებს თანამდებობრივ სარგოსაც – 2.100 ლარს თვეში.


