"აფხაზეთის ხმის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაციას ოქროყანასთან მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის სესახებ შსს-ში ადასტურებენ. როგორც "აფხაზეთის ხმას" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ერთი ადამიანი მოკლულია, ერთი კი დაჭრილი, თუმცა, უწყება არაფერს ამბობს მათი ვინაობის შესახებ.
"აფხაზეთის ხმამ" მომხდარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში თავი შეიკავა მსხვერპლისა და დაჭრილის ვინაობის დასახელებისგან, რადგან მომხდარიდან დაახლოებით ერთი საათი იყო გასული, მას შემდეგ კი, რაც თავდასხმის შესახებ ცნობილი გახდა ოჯახებისთვის, ვახმიანებთ წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა რეზო კალომლეწავი, ხოლო მძიმედ დაიჭრა შს მინისტრის (ვანო მერაბიშვილის) ყოფილი მოადგილე, გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა.
თავდასხმა, სავარაუდოდ, ჩასაფრებით მოხდა, თუმცა, ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. როგორც კალომლეწავს, ასევე გვაზავას, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავში აქვთ მიღებული. კალომლეწავი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ლევან გაზავას ტყვია სახეში მოხვდა და ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. რეზო კალომლეწავი ლევან გვაზავას ნათესავი და ასევე, ყოფილი პოლიციელია. ლევან გვაზავა "სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" ერთერთი დამფუძნებელია.
თავდასხმის ადგილი ამ დრომდე გადაკეტილია. იქ იმყოფებიან შს მინისტრი და მისი მოადგილეები, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარის დეტალები ამ დრომდე უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფოტოზე: ლევან გვაზავა