სავარაუდოდ, ხელისუფლების ვერტიკალის გადაწყვეტილებით, რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობა შეჩერებულია. მიზეზი მარტივი, ბანალური და აპრობირებულია - ანძებით სარგებლობის მცირე დავალიანება, რომელსაც კომპანია ეტაპობრივად ფარავდა. "აფხაზეთის ხმის" გამგეობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
,,დღეს, 19 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული ღირებულებების ნგრევის მიმართულებით – ანძიდან რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობა შეწყვიტა. ბოლო რამდენიმე საათია, რადიო ვერ მაუწყებლობს, შექმნილ ვითარებაში ზარალდება კომპანია და პრობლემა ექმნებათ მასში დასაქმებულ ადამიანებს. ამის გამო ჩვენ – გამგეობის წევრები იძულებული გავხდით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განცხადებით მიგვემართა.
ბოლო რამდენიმე წელია, რადიო “აფხაზეთის ხმა” ბაზარზე წარმატებით მაუწყებლობს. კარგად მოგეხსენებათ, თუ რა პირობებში გვიწევს მაუწყებლებს მუშაობა არასტაბილური სარეკლამო ბაზრის გამო. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო ბოლო დროს შემცირებულია სარეკლამო შემოსავლები, შესაბამისად, ორგანიზაციასაც შეექმნა ფინანსური პრობლემები.
ჩვენი მხრიდან ანძის მიმართ არსებული დავალიანება შესაძლებლობების ფარგლებში, კონკრეტული ვადაგადანაწილებით შევასრულეთ, დარჩენილია მთლიანი თანხის მხოლოდ 30 %, რომელსაც გრაფიკის მიხედვით ვფარავთ. თუმცა დღეს დილით მომსწრენი გავხდით “სიურპრიზის” – მცირედი დავალიანების გამო ანძამ შეწყვიტა რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობა.
მომხდარი პირდაპირ დარტყმას აყენებს თავისუფალი აზრის და სიტყვის გამოხატვას! მივიჩნევთ, რომ ჩვენზე ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ აღადგინოთ მაუწყებლობა და მოგვცეთ ვადა ანძის მიმართ დავალიანების დასაფარად! იმედი გვაქვს, ყურად იღებთ ჩვენს პრობლემას და მიიღებთ შესაბამის ზომებს,"- ნათქვამია განცხადებაში.
რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახური მუშაობას არ წყვეტს და სრული დატვირთვით იმუშავებს რადიო "აფხაზეთის ხმის" ვებგვერდზე, ასევე ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში", ამ ბმულზე. ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ მაუწყებლობის შეწყვეტის პარალელურად, პრობლემები შეექმნა ვებგვერდის ნორმალურ მუშაობასაც - განცხადების გამოქვეყნება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა ტექნიკური პრობლემების გამო, რაც ხელოვნურად შექმნილად მიგვაჩნია და სწორედ დღევანდელ ფაქტს - მაუწყებლობის შეწყვეტას ვუკავშირებთ.