-
2014-02-10 23:57
ატესტატი ნომერი 603973 ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მისი ასლი საჩხერის რაიონის სოფელ საირხის სკოლაში დღემდე ინახება. ივანიშვილის ატესტატი 2011 წელს ჟურნალისტმა ლევან ჯავახიშვილმა ნახა და ივანიშვილის პედაგოგებსაც ესაუბრა.
როგორც ჟურნალისტი წერს, ივანიშვილმა ჯერ ჭორვილის 8-წლიანი სკოლა დაასრულა, ბოლო ორი წელი კი მეზობელი სოფლის, საირხეს საშუალო სკოლაში გაატარა და ატესტატიც იქ აიღო. ეს ორი წელი, კვირაში 6 დღე, ბიძინა ივანიშვილი ფეხით დადიოდა ჭორვილიდან საირხეში და მასწავლებლები ვერ იხსენებენ, ოდესმე სკოლაში დაეგვიანებინოს ან გაკვეთილი გაეცდინოს. ჭორვილიდან საირხემდე 3 კილომეტრია.
„საირხის საშუალო სკოლის 1972-73 სასწავლო წლის გამოშვების მოსწავლეთა საშუალო განათლების ატესტატის ჩასაწერი წიგნი მაჩვენეს. ეს, პრაქტიკულად, ყველა მოსწავლის ატესტატის ასლია. ბიძინა ივანიშვილის ატესტატის ნომერია 603973. კლასში 42 მოსწავლე ირიცხებოდა.
ბიძინა ივანაშვილს 13 ოთხიანი და 5 ხუთიანი უწერია ატესტატში და არც ერთი _ სამიანი. ხუთიანები ივანაშვილს დაუწერეს ფიზიკაში, ხაზვაში, ფიზკულტურასა და შრომით სწავლებაში. ხუთიანი გამოჰყვა ყოფაქცევაში.
ბიძინა ივანიშვილის სკოლის დირექტორი დოდო კობეშავიძე, რომელიც ივანიშვილის მოსწავლეობის დროს სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, იხსენებს:
„მართალია, ყველაფერს ხუთიანებზე არ თუ ვერ სწავლობდა, მაგრამ, რომ იტყვიან, კაი, გამართული ოთხიანი ჰყავდა, რაშიც ჰყავდა. მეტიც შეეძლო, მაგრამ მარტო წიგნისთვის, სწავლისთვის არ ეცალა, სამწუხაროდ. მის ოჯახს დიდად არ ულხინდა და ბიძინაც ოჯახს გვერდით ედგა. შრომას ბავშვობიდან შეეჩვია. მახსოვს, გაკვეთილები დასრულდებოდა თუ არა, მაშინვე სახლში გარბოდა – დედას უნდა მივეხმაროო...“