
„სახალხო ფრონტის“ ყოფილი ლიდერი ნოდარ ნათაძე წერს, რომ ზვიად გამსახურდია არაფერს იშურებდა საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და გადაწყვეტილების მიღების უნარი ჰქონდა.
"ზვიადს სწორი გადაწყვეტილებების მიღების დიდი ნიჭი ჰქონდა და საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად არაფერს იშურებდა.
რა შეცდომებზე შემიძლია ლაპარაკი?.. რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას არ ჰქონდა გამოცდილება, მაგრამ ზვიადს ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების უნარი. დღევანდელი გადასახედიდან ზვიადის ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო.
მოსკოვში რომ პუტჩი მოხდა, ზვიადი ყაზბეგში იყო. თბილისი დაბნეულობამ მოიცვა, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი შეიკრიბა და ამ დროს ზვიადიც ჩამოვიდა. ძალიან მძიმე ვითარება იყო, პუტჩისტებმა განაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირის გაძლიერება უნდოდათ. ეს კი ნიშნავდა სისხლსა და ნგრევას საქართველოში და ჩვენს ისევ დამონებას.
ზვიადმა მშვიდად თქვა, პუტჩი უნდა დავგმოთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის სხვა სახელმწიფოში მოხდა და ვერ ჩავერევითო. ბოლოს კი დასძინა, ერთხელ მაინც მოვიქცეთ ისე, ჩვენი ქვეყანა სხვის ნანგრევებში არ მოყვესო.
ასეც გავაკეთეთ. ოპოზიცია კი მოითხოვდა, ხელჩართულ ბრძოლაში ჩავრთულიყავით. იყო მიტინგები და გამოსვლები. განსაკუთრებით ედპ და გიორგი ჭანტურია აქტიურობდნენ. ბრალად გვდებდნენ, სამშობლოს უღალატეთო.
მახსოვს, როდესაც პუტჩისტების თავკაცმა იანაევმა დაურეკა ზვიადს, გვერდით ვედექი. იანაევმა მხარდაჭერა მოითხოვა. ზვიადმა კი უპასუხა, მე ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვიო. მაშინ თბილისს ისე დავბომბავ, მისგან მტვერიც არ დარჩებაო... ამას ვერ შეძლებო, უთხრა ზვიადმა.
როდესაც ეროვნულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია, მაშინ საბჭოთა კავშირის შსს-მ საქართველოს შს მინისტრ გორგოძისგან მოითხოვა, მილიციაში არსებული შეიარაღება მოსკოვში გადაეგზავნათ. დაახლოებით 20 ათასი ერთეული ავტომატური იარაღი გაიგზავნა მოსკოვში. გორგოძე არც შეწინააღმდეგებია რუსებს. გასაგებია, ისიც მოსკოვს ემორჩილებოდა, მაგრამ ასეთ მზაკვრულ ბრძანებას "ხუთიანზე" მაინც ნუ შეასრულებ...
ხელისუფლებაში რომ მოვედით და ქვეყნის მშენებლობას ვიწყებდით, ერთი ცალი ავტომატური იარაღი არ გვქონდა, არადა ისეთი არმიის შექმნა გვინდოდა, რომელიც სამშობლოს დაიცავდა. ამიტომ სკოლებსა და ინსტიტუტებში არსებული სასწავლო იარაღების გადაკეთება დავიწყეთ.
როდესაც იანაევმა დაგვირეკა და დაგვემუქრა, ზვიადმა უპასუხა - შენი არ მეშინია, ამას ვერ გააკეთებო. ამას ამბობდა კაცი, რომელსაც ზურგს 100 ცალი გადაკეთებული სასწავლო იარაღი უმაგრებდა. ოდნავი შიში და უპრინციპობა რომ გამოეჩინა მაშინ გამსახურდიას, ჩანასახშივე მოკვდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა."