13 ივნისის სტიქიის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი მატებაა: 30 ივნისს იქ შვლის ნუკრი დაიბადა. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის Facebook-ის გვერდი ავრცელებს.
კავკასიური კეთილშობილი ირემის სახეობის ახალშობილი მდედრობითი სქესისაა და მას პირრა დაარქვეს. სახელი მითოლოგიურია და ზოოპარკისთვის სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის მიერ მოვლენილი წარღვნის შემდეგ, გადარჩნენ მხოლოდ მამრი - დევკალიონი და მდედრი - პირრა. სწორედ მათ დაუდეს სათავე ადამიანების ახალ რასას.
"ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენი პირრაც ახალი ზოოპარკის შექმნის საწყისი ნიშანი იქნება. კეთილშობილი ირმის დაბადება, კონსერვაციული თვალსაზრისით, ძალიან სასიხარულო ამბავია. ეს პატარა ვერც კი წარმოიდგენს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი არსებობა." - წერს თბილისის ზოოპარკი.