ჟურნალისტი ეკა ლომიძე წერს, რომ ვეფხვი სალიმა, რომელსაც თბილისში და მის შემოგარენში დაეძებენ, აგრესიული არაა და არც თავდასხმაზეა მობილიზებული.
„მეგობრებო, გთხოვთ ბევრს უთხრათ, ახლა რასაც გეტყვით: აღმოჩნდა, რომ დაკარგულია არა თეთრი და უსურიული ვეფხვის შვილი, არამედ, თვითონ დედა, უსურიული ვეფხვი სალიმა.
სალიმა ზურას და გულიკოს გაზრდილია. არ არის აგრესიული, ანუ ეგრევე თავდასხმაზე არ არის მობილიზებული. თუ დაინახავთ და გექნებათ საშუალება, რომ გადაუღოთ ფოტო, რა თქმა უნდა, შორი მანძილიდან, იქნებ გამომიგზავნოთ ფბ ინბოქსში, ან ელექტრონულ მისამართზე: ekalomi@gmail.com ღლიცინის გარეშე.
ეს იმისათვის, რათა დავარწმუნოთ ურწმუნო თომები, რომ ვეფხვი აშკარად დადის ქუჩაში, თუ რა თქმა უნდა, ნამდვილად დადის. საქმე იმაშია, რომ ვოლიერები, სადაც ვეფხვები ცხოვრობდნენ, ჯერ კიდევ დიდი წყლით არის სავსე და არ ჩანს მათი საცხოვრებელი ბუნკერები. ამიტომაც არის ვერსია, რომ სალიმა სულაც იმ ბუნკერში იყოს დამხრჩვალი.
ზოგადად, ძალიან მშიშარა იყოო და ამიტომაც არ გამორიცხავენ, რომ შიშისგან საერთოდ გარეთ არ გამოსულიყო. საქმე იმაშია, რომ 14-ში სპეცრაზმმა რომ ცხოველები დახოცა, ისინი დაწვრილებით არ დაუთვალიერებია ზოოპარკის ხალხს.
კრიზისების მართვის ცენტრმა, თუ რომელიღაც ასეთმა სამსახურმა წაიღო ნეშტები. შესაბამისად, ზოოპარკის ადმინისტრაციას მოუწია ფოტოების მიხედვით ამოიცნოს რომელი მხეცები არის დაკარგული.
თუ გაინტერესებთ, რატომ აქამდე არ ხაპავენ წყალს ვოლიერებიდან , მოჰკითხეთ კრიზისების მართვის ცენტრს. იქ, შესაძლოა, არამხოლოდ მხეცები, ადამიანებიც იყვნენ დაძირულნი, თუ დასილული.", - წერს ეკა ლომიძე.