მონადირეებმა, რომლებიც დღეს მთელი დღის განმავლობაში ბაგებში ვეფხვის კვალს ეძებდნენ და სამი ადგილობრივის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადაღებულ ფოტოებს იკვლევდნენ, საბოლოოდ დაასკვნეს, რომ კადრში მოხვედრილი ცხოველი ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი არ არის.
მონადირეებმა ბაგებთან მდებარე ტყე-პარკები შეამოწმეს და ვეფხვის კვალი ვერ აღმოაჩინეს. კვალზე ვერ გავიდნენ ძაღლებიც. მონადირეებმა, საბოლოოდ, უარი თქვეს რკინის ხაფანგების გამოყენებაზე, რაც განიხილებოდა.
შესაძლოა, ფოტოებზე გამოსახული მტაცებელი გაველურებული ან ლელიანის კატა აღმოჩდეს. ლელიანის კატა კატისებრთა ოჯახის მტაცებელი ცხოველია. "ვიკიპედიის" მიხედვით, მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, მასა 16 კგ აღწევს. აქვს გრძელი ფეხები, ყურის ბოლოზე მოკლე ფუნჯები.
ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის წინა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მდინარეთა ხეობების ხშირ ბარდებში. ყოფილ სსრკ-ში — ვოლგის დელტაში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, შუა აზიის მდინარეთა ხეობებში. საქართველოში — მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში. მთებში 800 მ-ზე მაღლა არ ადის. იკვებება ფრინველებით, ძუძუმწოვრებით.
ზოგიერთ ადგილებში სარეწაო ნადირ-ფრინველის განადგურებით ერთგვარი ზიანი მოაქვს სანადირო მეურნეობისათვის. ლელიანის კატის ბეწვი მდარე ხარისხისაა.
დღეს, შექმნილი საფრთხის გამო, ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლები ადმინისტრაციამ დაითხოვა.