სოჭში, ზამთრის ოლიმპიადის საზეიმო გახსნაზე, სტადიონზე საქართველოს დელეგაციის ჩავლისას საქართველო თანამგზავრიდან მიღებული ზედხედით გამოჩნდა.
ოლიმპიადის გახსნამდე ცნობილი იყო, რომ ქვეყნების გამოსახულებას თანამგზავრი ონლაინში გადმოსცემდა, თუმცა, საქართველოს ზედხედზე სწორედ ის ადგილი იყო დაფარული ღრუბლის ფენით, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაა. ამან ქართველ ინტერნეტმომხმარებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ინტერნეტში ხაზს უსვამდნენ, რომ ღრუბლის ფენა ასე გამოკვეთილი არ ყოფილა არცერთი სხვა ქვეყნის მდებარეობის ჩვენების დროს. ამავე დროს, საქართველოს ტერიტორიულ მოცემულობაში ბუნდოვანი იყო შიდა ქართლის ის რეგიონიც, სადაც ცხინვალი მდებარეობს.