რუსეთის სახელმწიფო დუმაში განსახილველად შევიდა კანონის პროექტი, რომლის პირველი რედაქცია 2009 წელს მიიღეს და რაც სასჯელს ითვალისწინებს ისტორიული მოვლენების უგულებელყოფისა და ინტერპრეტაციისთვის.
კანონპროექტის ავტორები ამჯერადაც „ედინაია როსიას“ დეპუტატები არიან. ვერსიაში, რომელიც ჟურნალისტებს გადაეცა, გათვალისწინებულია სისხლის სამაღთლებრივი პასუხისმგებლობა იმ ფაქტების საჯაროდ უარყოფისა და დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისთვის, რომელიც ნიურნბერგის პროცესის მიერაა დადგენილი, ამავე დროს გარკვევითაა ჩაწერილი, რომ ცრუ ბრალდებები მეორე მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ ასევე დასჯადია.
აღსანიშნავია, რომ არცერთ ადრინდელ რედაქციაში არ იყო ნახსენები სსრ კავშირი და საუბარი იყო ანტიჰიტლერული კოალიციის შესახებ.
კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ათასი რუბლის ოდენობით, ან 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის ან მას–მედიის გამოყენებით 100 ათასიდან 500 ათას რუბლამდე ჯარიმას, ან ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.